ილია დარჩიაშვილი ანალენა ბერბოკს შეხვდა

2023 წლის 17 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა – ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე. ილია დარჩიაშვილმა ანალენა ბერბოკს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით გაწეული ძალისხმევის შესახებ და იმედი გამოთქვა,რომ საქართველოს პროგრესი და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული, რაც აისახება შესაბამის გადაწყვეტილებაში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა მიმდინარე წელს, საქართველოში გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტის მნიშვნელობას. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას, გერმანიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს დელეგაცია, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78- სესიაში მონაწილეობს.
საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები