რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ანკარას შეუძლია, ევროკავშირს ჩამოშორდეს
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ანკარას შეუძლია, ევროკავშირს ჩამოშორდეს. ამის შესახებ ერდოღანმა მედიასთან აშშ-ში გამგზავრებამდე საუბრისას განაცხადა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი ნაბიჯებს დგამს თურქეთისგან დისტანცირებისთვის.
„ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს შეფასებას ამ მოვლენების გათვალისწინებით. ამ შეფასებების შემდეგ, თუ საჭირო იქნება, ჩვენ შეგვიძლია, დავშორდეთ ევროკავშირს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
თურქეთის ლიდერს ევროკავშირში გაწერვიანების პროცესზე და ევროპარლამენტის მიერ თურქეთის შესახებ მიღებულ ანგარიშზე ჰკითხეს, რომელშიც ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელებაზეა საუბარი.
თურქეთი 24 წელია ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური კანდიდატია, მაგრამ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ბოლო წლებში შეფერხდა ბლოკის შეშფოთების გამო ადამიანის უფლებების დარღვევისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის უგულებელყოფის გამო.