ტრაგიკულ შემთხვევაზე უადგილო კომენტარის გამო, საბერძნეთში მინისტრმა თანამდებობა დატოვა

საბერძნეთის ნაოსნობის საკითხთა მინისტრმა, მილტიადის ვარვიციოტისმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც 5 სექტემბერს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე უადგილო კომენტარი გააკეთა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

ამის შესახებ Protothema და BBC წერენ.

შემთხვევა ათენის პორტში მოხდა. კერძოდ, ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცი ბორანზე უკვე უშუალოდ გამგზავრების წინ მოხვედრას ცდილობს, თუმცა, ეკიპაჟის წევრები მას ხომალდზე არ უშვებენ, ერთ-ერთმა კი კაცს ხელი ჰკრა. ვიდეოში ისე ჩანს, რომ მამაკაცი ზღვაში გადააგდეს, მოგვიანებით, 36 წლის კაცი წყალში გარდაცვლილი იპოვეს.

მომხდარს პრემიერმინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისიც გამოეხმაურა და თქვა, რომ შეძრწუნებული და აღშფოთებულია ამ ინციდენტით, რომელიც მოხდა „უპასუხისმგებლობის, ცინიზმისა და გულგრილობის ერთობლიობის“ შედეგად და პირობა დადო, რომ სახელმწიფო „შეასრულებს თავის პასუხისმგებლობას“.

კაპიტანს და ეკიპაჟის სამ წევრს სისხლის სამართლის ბრალდება წარუდგინეს, მათ შორის, განზრახ მკვლელობისთვის.

მინისტრმა ვარვიციოტისმა კი სატელევიზიო გადაცემისას თქვა, რომ ”გლოვობენ მათი ოჯახის წევრებიც, რომლებიც ზღვაში ყოველდღიური შემოსავლისთვის გადიოდნენ და ახლა მკვლელობაში არიან ბრალდებულები”.

მინისტრის კომენტარს კრიტიკის ქარიშხალი მოჰყვა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, ვარვიციოტისმა გამოაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.

„მსხვერპლსა და მოძალადეებს ერთმანეთს არანაირად არ ვატოლებდი და არ უარვყოფდი ხომალდის მფლობელი კომპანიის პასუხისმგებლობას. ზოგისთვის შეიძლება, კარგი პოლიტიკოსი ვიყო, ზოგისთვის – არა, მაგრამ ჩაქოლვას ვერ შევეგუები. ჩემი პოლიტიკური გზა და პიროვნული ღირსება იმაზე მეტყველებს, რომ მე ვერ დავრჩები თანამდებობაზე“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები