ირლანდიაში, ყოფილი ბავშვთა სახლის ადგილას, ათობით ჩვილის ნეშტი იპოვეს

ირლანდიის ქალაქ გოლვეის საგრაფოში, კათოლიკე დედათა და ჩვილთა ყოფილი სახლის ადგილას გათხრების დროს თითქმის 100 ჩვილის ნეშტი აღმოაჩინეს, – ამის შესახებ სასამართლო ექსპერტიზამ განაცხადა.

2014 წელს, ადგილობრივმა ისტორიკოსმა კეტრინ კორლესმა თქვა, რომ 1925-დან 1961 წლამდე ტუამში, ბავშვთა სახლის კანალიზაციის სისტემაში 796 ჩვილი და მცირეწლოვანი ბავშვი იყო დამარხული. 2017 წელს, სპეციალურმა კომისიამ ბავშვთა სახლის მახლობლად მდებარე ბაღის ქვეშ, მიწისქვეშა ცისტერნებში, ბავშვების მნიშვნელოვანი რაოდენობის ნეშტი აღმოაჩინა. მას შემდეგ, სასამართლო ექსპერტიზის წარმომადგენლები ბავშვთა სახლის ტერიტორიაზე ეტაპობრივ გათხრებს ატარებენ.

„პირველი კარვის ქვეშ 77 ჩვილის ნეშტი აღმოაჩინეს… მეორე კარვის ქვეშ 22 ჩვილის, რომლებიც კუბოებში იყო მოთავსებული“, – ნათქვამია ტუამის ავტორიზებული ინტერვენციის დირექტორის ოფისის განცხადებაში.

გათხრები ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც 2025 წლის ივლისში დაიწყო. ნეშტი სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილ ადგილას იპოვეს. ადგილზე არ იყო ნიშნები, რომლებიც სამარხის არსებობას მიუთითებდა.

ირლანდიაში ახალგაზრდა ორსულ ქალებს, ხშირად ადგილობრივი სასულიერო პირების ზეწოლის ქვეშ, დედათა და ბავშვთა თავშესაფრებში აგზავნიდნენ. დაბადების შემდეგ მათ შვილებს ართმევდნენ და აშვილებდნენ. ახალშობილები ხშირად კვდებოდნენ არასრულფასოვანი კვების, ასევე წითელასა და ტუბერკულოზის მსგავსი დაავადებებისგან.

2021 წელს ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მაიკლ მარტინმა სახელმწიფოს სახელით ბოდიში მოიხადა ბავშვთა სახლებში ქალებისა და ბავშვების მიმართ მოპყრობის გამო. მან განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ გამოძიებულ 18 ასეთ დაწესებულებაში დაახლოებით 9000 ბავშვი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები