ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ბუნდიბუგიოს ვირუსით გამოწვეული ებოლას აფეთქება სწრაფად ვრცელდება, მეცნიერები კი რეაგირების სტრატეგიას ცვლიან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეპიდემიაზე რეაგირების ხელმძღვანელის, ტიერნო ბალდეს თქმით, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ დღემდე 2,423 დადასტურებული შემთხვევა დააფიქსირა. 967 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 469 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
დაავადებამ უკვე მოიცვა ქვეყნის ხუთი პროვინცია, თუმცა იტურის პროვინცია კვლავ მთავარ ცხელ წერტილად რჩება, რომელზეც ინფიცირების თითქმის 89 პროცენტი და გარდაცვალების 84 პროცენტი მოდის.
„ამ ციფრების მიუხედავად, ჩვენ ვიწყებთ ამ აფეთქების დინამიკის უკეთ გააზრებას“, – აღნიშნავს ბალდე.
მისი თქმით, ეპიდემია ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში განსხვავებულად ვითარდება: ზოგიერთ ადგილას უკიდურესად ინტენსიური გადაცემა შეინიშნება, ზოგან სიტუაცია შედარებით სტაბილური რჩება, ზოგიერთ რაიონში კი ვირუსის გავრცელება მხოლოდ ახლა იწყება.
სწორედ ამიტომ, ჯანმო, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, დაავადებასთან ბრძოლისადმი მიდგომას ხელახლა განიხილავს. ერთიანი სტრატეგიის ნაცვლად, სპეციალისტები თითოეული რეგიონის სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებულ ზომებს ავითარებენ.
„ჩვენ გამოვავლინეთ აფეთქების განვითარების სამი ძირითადი ნიმუში: რეგიონები ძალიან მაღალი გადაცემის ინტენსივობით, ახალი აფეთქებები და რეგიონები, სადაც სტაბილიზაციის ნიშნები იჩენს თავს“, – ციტირებს გაეროს საინფორმაციო სამსახური ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელს.
ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებში, ჯანმო პრიორიტეტს ანიჭებს გარდაცვლილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაკრძალვას, პაციენტების სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში გადამისამართების ეფექტური სისტემის შექმნას და ავადმყოფების მკურნალობის შესაძლებლობების გაფართოებას.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ინფექციის ახალ რეგიონებში გავრცელების პრევენციას.