2013-2014 წლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სტაჟირება 108 პირმა გაიარა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სამინისტროში წარმატებით სტაჟირებაგავლილ პირებს სერტიფიკატები გადასცა.
სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ბაკალავრიატის სტუდენტებმა, მაგისტრანტებმა და კურსდამთავრებულებმა სტაჟირება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გაიარეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ სფეროში არის კომპეტენტური, კვალიფიციური და შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილების მქონე ადამიანური რესურსის დეფიციტი, სამინისტრო მეორე წელია ახორციელებს პროექტს, რომელიც საშუალებას იძლევა მოხდეს საუკეთესო კადრების სელექცია და მათი შესაძლებლობების წარმოჩენა, რაც შემდეგ ხელს უწყობს ახალგაზრდების დასაქმებას.
სტაჟირების მიზანს წარმოადგენდა საჯარო დაწესებულებაში დასაქმების მსურველ პირთათვის პროფესიული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის შექმნა, შესაბამისი პროფილის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების საშუალების მიცემა და საჯარო დაწესებულებებისათვის კვალიფიციური კადრების მომზადება.
ამ დროისთვის სამინისტროში სტაჟირება 108 პირმა გაიარა. სტაჟიორთა 20%-ი, რომლებმაც სტაჟირების პერიოდში პროფესიონალიზმი და დაკისრებული მოვალეობისადმი ერთგული დამოკიდებულება გამოავლინა, სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ სხვადასხვა დეპარტამენტში დროებით მოვალეობის შემსრულებლებად დასაქმდა, შემდეგ კი, ეს პირები ვაკანტური ადგილების დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში ჩაერთვებიან.