ოკუპანტებმა კრივოი როგში ადმინისტრაციული შენობა დაბომბეს, არის მსხვერპლი
რუსმა ოკუპანტებმა კრივოი როგში ადმინისტრაციული შენობა დაბომბეს, ნანგრევებში პოლიციელები აღმოჩნდნენ.
ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა განაცხადა.
მისი თქმით, იერიშის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა.
თავის მხრივ, უკრაინის შს მინისტრმა, იგორ კლიმენკომ ტელეგრამში დაწერა, რომ დაღუპულია პოლიციელი.
„კიდევ სამი მაშველი ნანგრევებიდან ამოიყვანეს. მათი მდგომარეობა მძიმეა. ექვსმა თანამშრომელმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. ადგილზე 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაჩენილ ხანძარს აქრობენ”, – დაწერა მინისტრმა.
მოგვიანებით, მინისტრმა განმარტა, რომ თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.
გენერალური პროკურატურის ცნობით, აფეთქების ტალღამ და რაკეტის ნამსხვრევებმა მიმდებარე მაღალსართულიანი შენობების ფანჯრები ჩაამსხვრია.