“როდესაც დივანზე მჯდომი იწყებს კონტრშეტევის სისწრაფის კრიტიკას, ის უკრაინელ ჯარისკაცს აკრიტიკებს” – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც აკრიტიკებენ უკრაინის კონტრშეტევის სიჩქარეს, აკრიტიკებენ კონკრეტულ უკრაინელ ჯარისკაცს, „რომელიც ბრძოლაში იყო და თავი გაწირა”.

„ყოველთვის, როდესაც დივანზე ან თბილ სტუდიაში მჯდომი ადამიანი იწყებს კონტრშეტევის სიჩქარის კრიტიკას, ის აკრიტიკებს კონკრეტულ უკრაინელ ჯარისკაცს, ვინც ბრძოლაში იყო, ვინც თავი გაწირა, ვინც დაკარგა ძმები, რომელმაც საბოლოოდ წინ წაიწია დანაღმულ ველზე კილომეტრით, სანგარში მოუგო ბრძოლა რუსებს პირისპირ. შემდეგ ის ტელეფონს დახედავს და იქ ეუბნებიან: „ძალიან ნელა აკეთებთ ამას, მოდით, აჩქარდით“, – თქვა ტელემარათონზე მინისტრმა.

კულებას თქმით, აუცილებელია უკრაინელი ჯარისკაცის პატივისა და ღირსების დაცვა.

“ყველა, ვინც კომენტარს გააკეთებს სამხედროების ქმედებებზე პატივისცემის გარეშე, ჩემს ასეთ რეაქციას წააწყდება”, – დასძინა მან.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის უცხოელ კოლეგებს, რომლებიც ინფორმაციას იღებენ სამხედრო და დაზვერვისგან, არ აქვთ პრეტენზია უკრაინის თავდასხმაზე, არამედ ორიენტირებული არიან უკრაინის დახმარებაზე.

„თუმცა, როცა საინფორმაციო სივრცეს უყურებ, ყველას ერთი კითხვა უჩნდება: რატომ მიდის ასე ნელა?“ – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები