დავით ნარმანია თბილისის ბაგა-ბაღების დირექტორებს შეხვდა
თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერი ალუდა გოგლიჩიძე, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა და გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, თბილისის ბაგა-ბაღების დირექტორებს შეხვდნენ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, გლდანის რაიონის 205-ე ბაგა-ბაღში გამართულ შეხვედრაზე დავით ნარმანიამ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი თემურ თორდინავა წარადგინა, პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
თემურ თორდინავამ ბაგა-ბაღის დირექტორებს ახალი მიდგომები გააცნო.
დავით ნარმანიას თქმით, 8 სექტემბერს თბილისის 159 ბაგა-ბაღი 50 000 -მდე აღსაზრდელს მიიღებს.
„ბოლო ერთი თვის განმავლობაში, აქტიური მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ადგილების მოძიება 3 000 ბავშვისთვის. გრძელდება მუშაობა დამატებითი სივრცის მოძიებაზე, რათა სწრაფად ჩატარდეს სარემონტო სამუშაოები და მომდევნო სემესტრიდან რამდენიმე ათასი ადგილი კიდევ დაემატოს,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში საფუძველი ჩაეყრება ახალი ბაღის მშენებლობას, მომდევნო წლისთვის კი რამდენიმე ახალი ბაღის მშენებლობა იგეგმება. გარდა ამისა, უკვე მოძიებულია ფართები, რომლის ნაწილი სახელმწიფო საკუთრებაშია, ნაწილი მუნიციპალური, სადაც მომდევნო წელს, ასევე, იგეგმება სარემონტო სამუშაოები.
„მომავალ თაობაზე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, სასურველი შედეგის მისაღწევად კი მაქსიმალური თანამშრომლობაა საჭირო,“ – მიმართა პედაგოგებს დავით ნარმანიამ.
შეხვედრის შედეგ თბილისის მერმა 205-ე ბაგა-ბაღი დაათვალიერა.