ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილსა და „ნაცმოძრაობას“ საერთო პატრონები ჰყავთ
,,ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი უპირისპირდება ქვეყნის ევროინტეგრაციას, მნიშვნელობა არ აქვს, ევროინტეგრაციის საპირისპირო განცხადებებს ის საქართველოს პარლამენტის შენობაში გააკეთებს თუ საგარეო ვიზიტის განხორციელების დროს. ეს ინფორმაცია ისედაც მიდის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ საერთო პატრონები ჰყავთ.
„სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუს და უფრო მეტიც, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წელსაც მხოლოდ ფორმალურად ხორციელდება ის რეფორმები, რომელიც გათვალისწინებულია ევროკავშირის დოკუმენტებში. როდესაც ასეთი გზავნილების შესახებ ძალიან კარგად იციან ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, ჩანს რომ საქართველოს პრეზიდენტი არის პირდაპირ დაპირისპირებაში ჩვენს ევროპულ პერსპექტივასთან.
რაც შეეხება რეაგირებას, თეორიული რეაგირების მექანიზმი არის იმპიჩმენტი და ჩვენ რომ წავიდეთ საკონსტიტუციო სასამართლოში ძალიან მარტივად დაადგენს იმას, რომ ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია. პირდაპირ ტექსტობრივი ინტერპრეტაციის საფუძველზე ძალიან მარტივად დადგინდებოდა ეს, თუმცა იმპიჩმენტს სჭირდება ასი ხმა და სალომე ზურაბიშვილს აქვს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ იმედი. ამ გარანტიის გარეშე ის კონსტიტუციას უხეშად არ დაარღვევდა. სალომე ზურაბიშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავთ საერთო პატრონები და პრეზიდენტს მათი მხრიდან აქვს მიღებული გარანტიები, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ გარისკავდა და ასე უხეშად არ დაარღვევდა კონსტიტუციას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.