მამუკა მდინარაძე – პრეზიდენტზე: ქალბატონი სალომეს ე.წ. ვოიაჟი არის რისკის შემცველი – ის, რომ მთავრობამ ნებართვა არ მისცა და მაინც მიდის, კონსტიტუციის დარღვევაა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.

მისი თქმით, პრეზიდენტს საქართველოს მთავრობისგან ამ ვიზიტზე თანხმობა არ აქვს.

“როგორც რადიკალური ოპოზიცია, ისე სალომე ზურაბიშვილი ერთ ნარატივზე არიან – მიზანია, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ქალბატონი სალომეს ე.წ. ვოიაჟი არის რისკის შემცველი ყველაზე რბილად რომ ვთქვათ.

საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს თანხმობა საქართველოს მთავრობის, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას. მის კომპეტენციაშია ანუ, კონსტიტუციის მიხედვით საგარეო კურსის განსაზღვრა და მოქმედება ამ კურსის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, მაგრამ ამ უარსაც თავისი მიზეზები აქვს. ის, რომ მთავრობამ ნებართვა არ მისცა და ის მაინც მიდის, ეს კონსტიტუციის დარღვევა და უპასუხისმგებლობაა ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ამ შეუთანხმებლობას, დაუთანხმებლობას მთავრობის მხრიდან აქვს კონკრეტული მიზეზები. მაგალითად, შემიძლია გაგახსენოთ – საქართველოს პარლამენტის ტრიბუნასთან პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა, რომელიც იყო საქართველოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო გამოსვლა. მაშინ მის განცხადებაში იყო ასეთი პათოსი, რომ თითქოს დღეს საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს. მაშინ, როდესაც ჩვენი ევროპელი კოლეგებიც კი შეფასების კრიტერიუმებით ადასტურებენ, რომ საქართველო პირველია ამ მიმართულებით და საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან საწინააღმდეგოს საუბრობს, რა თქმა უნდა რისკები არსებობს, რომ მისი ვოიაჟი (რომელსაც მთავრობა არ ეთანხმება სწორედ ამის გამო) იყოს ასევე ამ მიზნიდან გამომდინარე“, –  განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიაში გაემგზავრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტი ამ ვიზიტით იწყებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები