გია ვოლსკი: დამაბნეველი განცხადებები კეთდება, მაგრამ მთავარია, ჩვენ არ დავიბნეთ

„2030 წელი დაახლოებით თარიღად დავასახელეო“, ახლა შარლ მიშელი იტყვის. ევროკომისია ამბობს, რომ მუშაობის მიხედვით განსაზღვრავენ გაწევრიანებას – დამაბნეველი განცხადებებიც კეთდება, მაგრამ მთავარია ჩვენ არ დავიბნეთ”,- ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, გია ვოლსკი ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილის განცხადებას.

მისივე თქმით, საქართველო ინტენსიურ მუშაობას გააგრძელებს, რათა ევროკავშირის ღირსეული წევრი გახდეს.

„ევროსაბჭო, ისევე, როგორც ევროკომისია ევროკავშირის სტრუქტურას წარმოადგენს. თუკი ამ სტრუქტურებს ერთმანეთში არ აქვთ გარკვეული ტერმინოლოგია შეთანხმებული და ასეთი განცხადებები კეთდება, ეს დამაბნეველია. ირაკლი კობახიძემაც განაცხადა 2030 წლის თარიღთან დაკავშირებით და მეც ვეთანხმები, რომ დამაბნეველია, კომისიის წარმომადგენლის გამოსვლა, რომ ერთმანეთთან არ ჰქონიათ საუბარი, დამაბნეველია, არსებობს პასუხი ამაზე – „2030 წელი დაახლოებით თარიღად დავასახელეო“, ახლა შარლ მიშელი იტყვის, ესენი ამბობენ, რომ მუშაობის მიხედვით განსაზღვრავენ და შეიძლება 2030-მდეც მოხდეს და მას შემდეგაც – 2040- ში. ასეთი მაგალითები გვაქვს, რომ ათეული წლებია კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნები დგანან და ელოდებიან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. არის კიდევ ევროპელი ლიდერების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ რამ უნდა განაპირობოს ევროკავშირის წევრობა და ა.შ. ასე რომ, მსჯელობა მიმდინარეობს, დამაბნეველი განცხადებებიც კეთდება, მაგრამ მთავარია ჩვენ არ დავიბნეთ. ჩვენ ვიცით, რა გვინდა, მყარად ვდგავართ ჩვენ პოზიციაზე, გვინდა კანდიდატის სტატუსის მიღება ამჯერად და შემდეგ ინტენსიურად მუშაობის გაგრძელება, რათა ახლო პერიოდში გავხდეთ ევროკავშირის ღირსეული წევრები”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილემ დანა სპინანტიმ განაცხადა, რომ ევროკომისია არ ეთანხმება შარლ მიშელის იდეას 2030 წლისთვის ევროკავშირის გაფართოების თარიღის დათქმაზე.

“თარიღზე ორიენტირებული არ ვართ, არამედ ფოკუსირებული ვართ კანდიდატ ქვეყნებთან ძალიან ახლოს მუშაობაზე, რათა ევროკავშირში შესვლისთვის იყვნენ მზად,” – აცხადებს სპინანტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები