მიხეილ სარჯველაძე – სპინანტის განცხადებაზე: ნებისმიერ შემთხვევაში, სიცხადე ურთიერთობებში – ეს არის ერთმნიშვნელოვნად კარგი რამ
მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილის, დანა სპინანტის განცხადებას გამოეხმაურა.
“ნებისმიერ შემთხვევაში, სიცხადე ურთიერთობებში, ეს არის ერთმნიშვნელოვნად კარგი რამ. ამიტომ, რაც უფრო მეტად მკაფიო და ნათელი იქნება, მათ შორის, ის წინაპირობები, რომლებიც განაპირობებს წევრობას, კანდიდატის სტატუსს და ა.შ., მათ შორის, კონკრეტული განცხადებები და მიღებული გადაწყვეტილებები, რაც უფრო გამჭვირვალე იქნება ამ თვალსაზრისით, ეს წაადგება ურთიერთობას. გარკვეული ბუნდოვანება გაჩნდა ამ მიმართულებით და ორმხრივი ურთიერთობების გათვალისწინებით სასურველია მეტი სიცხადე.
ჩვენ გვინახავს არაერთი სახელმწიფოს საზოგადოების განწყობის დინამიკა და ამ თვალსაზრისით ეს საყურადღებო და მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა გარკვეულ ეტაპზე, იგივე კანდიდატის სტატუსის შემდგომ გაწევრიანებამდე მრავალი გზა, როდესაც არსებობს გადაწყვეტილებები, რომლის შინაარსიც შეიძლება მკაფიოდ და მარტივად გასაგები არ იყოს საზოგადოებისთვის, ეს შეიძლება, გარკვეული სკეპტიციზმისთვის მიზეზს ბადებდეს, რასაც შეიძლება, ძალიან ოსტატურად იყენებდნენ ამა თუ იმ ქვეყანაში მოქმედი გარკვეული პოლიტიკური ძალები”, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
ცნობისთვის, სპინანტიმ განაცხადა, რომ ევროკომისია არ ეთანხმება შარლ მიშელის იდეას 2030 წლისთვის ევროკავშირის გაფართოების თარიღის დათქმაზე.
“თარიღზე ორიენტირებული არ ვართ, არამედ ფოკუსირებული ვართ კანდიდატ ქვეყნებთან ძალიან ახლოს მუშაობაზე, რათა ევროკავშირში შესვლისთვის იყვნენ მზად,” – აცხადებს სპინანტი.