ირაკლი კობახიძე: ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი
,, ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებას გამოეხმაურა.
„მიშელის განცხადებას ჰქონდა დადებითი და უარყოფითი მხარეები, ასე ვიტყოდი. რა თქმა უნდა, კონკრეტული თარიღის დასახელება იყო მნიშვნელოვანი, თუმცა, ცოტა ზოგადი იყო ეს განცხადება და ვის შეეხება ეს 2023 წელი, არის საინტერესო იმიტომ, რომ არიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი მიღებული აქვთ მაგალითად 12-18 წლის წინ. თუ საუბარია მხოლოდ ამ ქვეყნებზე, ეს არის სხვა საქმე. როდესაც 18 წლის წინ ქვეყანა ხდება კანდიდატი და მის მიმართ არის დაპირება, რომ 7 წელიწადში შეიძლება გახდეს ევროკავშირის წევრის ქვეყანა, ეს დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. იმედია, დაკონკრეტდება მომავალში,რომ 2030 წელი არის აქტუალური თარიღი ყველა ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს კანდიდატის სტატუსი ან ახლო მომავალში მიიღებს კანდიდატის სტატუსს.
ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ვიცით, რომ გვაქვს ძალიან ხელსაყრელი პროგრესი 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით. გრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა და უახლოეს მომავალში დასრულდება. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება თავიდან ბოლომდე პირნათელი იქნება ევროკავშირის წინაშე, ყველანაირი საფუძველი იქნება მზად, იმისთვის რომ დეკემბერში მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. 2030 წლისთვის თუ ვინმე იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის, ეს იქნება სწორედ საქართველო, პირველ რიგში იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს“, – განაცხადა კობახიძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრი სახელმწიფოების მისაღებად.