გია ვოლსკი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებასთან დაკავშირებით, ჩინეთსა და ინდოეთთან ჩვენი პოზიციის სრული თანხვედრაა – ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია
პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საკითხს ჩინეთისა და ინდოეთის მიერ პერსპექტივა არ გააჩნია.
მისივე შეფასებით, არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლება წარმატებულია.
„ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია. ეს არის ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პოსტულატი. რა საკვირველია, ჩინეთსა და ინდოეთთან ჩვენი პოზიციის სრული თანხვედრაა. არსებობს არაღიარების პოლიტიკის გარკვეული სტრატეგიული მიმართულებები, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები უზრუნველყოფენ. ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ ამას პერსპექტივა არ გააჩნია. ერთიც უნდა გვახსოვდეს – ემოციების გარეშე რომ ვიმსჯელოთ, რუსეთს თავისი სტრატეგიული ხედვა და სტრატეგიული ამოცანები გააჩნია, რომელიც საქართველოს სტრატეგიულ ამოცანებსა და ხედვას, მის მომავალს პრინციპულად ეწინააღმდეგება. გამომდინარე აქედან, რასაკვირველია, ჭიდილი და დაძაბულობა არსებობს, მათ შორის, სამხედრო და პოლიტიკურ სფეროში. ისიც გვახსოვდეს, რომ რუსეთს თავისი უშველებელი რესურსებით ჯერჯერობით ვერ მოუხერხებია, რომ უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე ვინმე დაიყოლიოს, გარდა რამდენიმე ქვეყნისა – ამ ეტაპზე, ჩვენი ძალისხმევა წარმატებულია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.