“საქართველოში ამერიკული წვრთნების შემდეგ ტექნიკის ნაწილი რჩება, ამაზე რეაგირებას ვგეგმავთ” – ბჟანია
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსეთის ტელეარხისთვის – “ზვეზდა”-სთვის მიცემულ ინტერვიუში, სხვა საკითხებთან ერთად, 2008 წელს კოდორის ხეობის “დაბრუნებაზე” ისაუბრა.
მისი თქმით, 2006 წელს მიხეილ სააკაშვილს ხეობის “დაკავებაში” ფრანგი ინსტრუქტორები, ასევე, სპეციალისტები შეერთებული შტატებიდან ეხმარებოდნენ.
ბჟანიას თქმით, 2008 წელს ვითარება გამწვავდა, თებერვლიდან ივლისამდე “აფხაზეთის ტერიტორიაზე 10 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. საქართველოს ხელმძღვანელობას რევანშისტული განწყობები ჰქონდა და შესაძლო ესკალაციის მოლოდინი გამართლდა”.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის “წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, მეორე ფრონტის გახსნა გადაწყდა, რომელიც აფხაზეთის უშიშროების საბჭომ მიიღო”.
„ყველა მხრიდან საქართველოს მშვიდობისკენ იძულების ღონისძიებები დაიწყო, სამხრეთ ოსეთში ჩრდილოეთ ოსეთიდან შევიდნენ, ასევე, გალის მიმართულებით და კოდორის მიმართულებით. აფხაზეთსა და რუსეთში ჩართული იყო ყველა ტიპის ჯარი – საჰაერო ძალები, რუსეთის საზღვაო ფლოტი. მაშინდელ მისიას შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი ასრულებდა. კარგად კოორდინირებული ერთობლივი მოქმედებების წყალობით, აფხაზეთის ტერიტორია მთლიანად განთავისუფლდა“, – განაცხადა ე.წ. სახელმწიფოს მეთაურმა.
მისი თქმით, შედეგად, “აფხაზებმა ხელში ჩაიგდეს – ამერიკული თოფები, სხვადასხვა სამხედრო სისტემა, თოვლმავლები, რომლებიც გადაკეთებული იყო სამხედრო მიზნებისთვის. ეს ყველაფერი იმის მატერიალური დადასტურებაა, თუ ვინ უწევდა დახმარებას საქართველოს – ეს ნატოს ბლოკია”.
„დღემდე, გარკვეული სიხშირით, ამა თუ იმ ფორმით, ყოველწლიურად ათამდე სამხედრო წვრთნები ტარდება საქართველოს ტერიტორიაზე. დანამდვილებით ვიცით, რომ, ამ წვრთნების შედეგად, ტექნიკის ნაწილი იმ საბაბით, რომ მწყობრიდან არიან გამოსული, რჩება საქართველოს ტერიტორიაზე, ეს ყველაფერი გროვდება. ჩვენ ვიცით ამის შესახებ და შესაბამისი რეაგირება მოვახდინეთ და ვგეგმავთ რეაგირებას“, – აღნიშნა ბჟანიამ.