რა არის „მშიერი ქვები“ და რატომ ტიროდნენ ადამიანები მათი დანახვისას
მოახლოებული კატასტროფების პროგნოზირების მიზნით, ადამიანები დიდი ხანია, მიმართავენ მკითხავებსა და წინასწარმეტყველებს. რა თქმა უნდა, ასეთი პროგნოზების სიზუსტე არასდროს ყოფილა მაღალი, მაგრამ არსებობდა საკმაოდ ზუსტი გზაც მოახლოებული კატაკლიზმების გასაგებად. მაგალითად, გვალვისა და მოსავლის უკმარისობის პროგნოზირებისთვის, ევროპაში მე-20 საუკუნის დასაწყისამდე „მშიერი ქვების“ წინასწარმეტყველებას მიმართავდნენ.
შუა საუკუნეების ევროპაში „მშიერი ქვა“ წარმოადგენდა დიდ ლოდს, რომელიც მდინარის ფსკერზე მდებარეობდა. ქვაზე განთავსებული იყო წარწერები, რომლებიც აფრთხილებდნენ ადამიანებს გვალვის, მოსავლის უკმარისობის და შიმშილის შესახებ. ჩვეულებრივ, ლოდი წყალში იყო და არ ჩანდა, მაგრამ როდესაც წყლის დონე იკლებდა, სიღრმიდან თანდათან საშინელი წარწერები იკვეთებოდა.
„როცა დამინახავ, იტირე“, – ერთ-ერთ ქვაზე სწორედ ამ წარწერას შენიშნავდით. მდინარეში წყლის დაწევა ნიშნავდა, რომ სეზონი მშრალი იქნებოდა, მოსავალი ცუდი და ფასები მაღალი. შუა საუკუნეებში ეს ნიშნავდა არა მხოლოდ რთულ პერიოდს, არამედ მასობრივ შიმშილსა და ბევრ სიკვდილს.
ასეთი ქვები გვხვდება მთელ ევროპაში: გერმანიაში, ავსტრიაში, ჩეხეთსა თუ საფრანგეთში. თითოეულ მათგანზე, გაფრთხილების გარდა, ამოკვეთილია ადამიანის ტანჯვის ქრონიკა. ქვაზე წარწერა გაკეთებულია იმ დროს, როდესაც წყლის დონე ყველაზე დაბალი იყო. მას შემდეგ, რაც მდინარის კალაპოტი კვლავ წყლით ივსებოდა, ქვა ქრებოდა… როდესაც ის ხელახლა ჩნდებოდა, ზოგჯერ შემდეგი კატასტროფის თარიღი და მის შესახებ მოკლე ინფორმაციაც იყო ამოკვეთილი.
ელბა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი მდინარეა. მისი სიგრძე 1000 კმ-ზე მეტია. მდინარე მიედინება ჩეხეთისა და გერმანიის ტერიტორიაზე. შუა საუკუნეებში წყლის არტერიამ უდიდესი როლი ითამაშა რეგიონის ცხოვრებაში. ელბას ბევრი მდინარე, ნაკადი და არხი უკავშირდება, ამიტომაც მისი წყლის გარეშე ამ მხარეებში სოფლის მეურნეობა, უბრალოდ, არ იარსებებდა.
არაფერია უცნაური იმაში, რომ სწორედ ელბაზე მდებარეობს ყველაზე მეტი „მშიერი ქვა“. უძველესი აღმოჩენა 1616 წლით თარიღდება. სწორედ ამ ლოდზეა ამოკვეთილი ლეგენდარული ფრაზა, რომელიც ორიგინალში ასე გამოიყურება: „Wenn du mich siehst, dann weine“ (როცა დამინახავ, იტირე).
გერმანიისა და ჩეხეთის სხვა მდინარეებში ასევე არის ძველი ქვები წარწერებით. მათზე განთავსებული თარიღები საუბრობენ გვალვებზე, რომლებიც მოხდა 1417, 1616, 1707, 1746, 1790, 1800, 1811, 1830, 1842, 1868, 1892, 1893, 1900 წლებში. „მშიერ ქვაზე“ ერთ-ერთი უახლესი თარიღი 1918 წელია. ეს ნიშნავს, რომ ლოდი წყლიდან პირველ მსოფლიო ომში გამოჩნდა. შემდეგ განადგურებას და მასობრივ სიკვდილს დაემატა ძალიან მშრალი გაზაფხული და ზაფხული, რამაც გამოიწვია მოსავლის უკმარისობა. მე-20 საუკუნის დასაწყისი, ზოგადად, მდიდარი იყო კატასტროფებით. 1921 წლის გვალვამ სსრკ-ში შიმშილობა გამოიწვია, რამაც ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
„შიმშილის ქვები“ ჩვენს დღეებში
ახლა „შიმშილის ქვების“ გამოჩენა ადამიანებში ცრემლებს აღარ იწვევს, მაგრამ ცოტას შეუძლია, უემოციოდ შეხედოს ამ ტრაგიკულ შეხსენებებს. ყოველი ასეთი წარწერის მიღმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე დგას. მაშასადამე, 2018 წელს ჩეხეთის ქალაქ დეცინში ქვის გამოჩენა დიდ მოვლენად იქცა. არავის ახსოვდა, ბოლოს როდის ნახეს ეს ქვა…
მეცნიერები გულდასმით სწავლობენ შეხსენებებს „შიმშილის ქვებიდან“ და ადარებენ მათ ისტორიულ ჩანაწერებს. ამრიგად, მოპოვებული იქნა ინფორმაცია ევროპაში ყველაზე დიდი გვალვების შესახებ, რომლებიც თანამედროვე გვალვებს შეადარეს. აღმოჩნდა, რომ შუა საუკუნეებში მშრალი პერიოდები უფრო ხშირი იყო, ვიდრე დღეს, მაგრამ ამავე დროს, თანამედროვე გვალვები უფრო დიდი ხანგრძლივობით და მაღალი ტემპერატურით ხასიათდება.