ზელენსკის ქვეყანაში არჩევნების ჩატარება სურს, თუმცა, პირობას ასახელებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ​ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება აკრძალულია, მაგრამ არის შესაძლებლობა, თუ უკრაინის პარლამენტი მხარს დაუჭერს კანონმდებლობაში შესაბამის ცვლილებებს, დასავლეთი ამისთვის გამოყოფს ფულს და დამკვირვებლები, მათ შორის, სანგრებში იქნებიან.

ამის შესახებ მან ტელემარათონის დროს თქვა.

„ომის დროს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი, მიმაჩნია, რომ მთავარის ფრაგმენტაციაა – ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის აღდგენა. ამას ჩვენი ყურადღება სხვა მიმართულებით გადააქვს. მეორე მხრივ, ჩვენ ვიცავთ დემოკრატიას, არის პოლიტიკური პროცესები, ამიტომ, ამ პროცესების აკრძალვა არ შეიძლება”, – თქვა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ, კანონით, ომის პირობებში არჩევნების ჩატარება აკრძალულია.

„ამერიკის მხარდაჭერის გაყოფა რამდენიმე ელემენტს შეუძლია, მათ შორის, ერთ-ერთია არჩევნები. არის ლოგიკა იმაში, რომ თუ იცავ დემოკრატიას, ომის დროსაც უნდა ფიქრობდე მის დაცვაზე. არჩევნები – დაცვის ერთ-ერთი გზაა, მაგრამ ჩვენი კანონმდებლობით არჩევნები აკრძალულია, მათი ჩატარება ძალიან რთულია“, – განმარტა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, მან თქვა, რომ ომის დროს არჩევნების ჩასატარებლად მთელი რიგი პირობები უნდა შესრულდეს.

კერძოდ, უკრაინელი პარლამენტარები მზად უნდა იყვნენ საარჩევნო კოდექსში სწრაფი ცვლილებებისთვის; მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ, უზრუნველყონ, სულ მცირე, 5 მილიარდი (მშვიდობიან პერიოდში არჩევნების ჩატარება ეს თანხა ჯდება), ამ თანხას ბიუჯეტიდან ვერ აიღებთ; დამკვირვებლები სანგრებში უნდა იყვნენ, რომ არჩევნები ლეგიტიმური იყოს.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ყველგან აუცილებელია საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, რადგან მხოლოდ საზღვარგარეთ 7 მილიონმა ადამიანმა უნდა მისცეს ხმა.

“ამან არ უნდა დაყოს ადამიანები. სამხედროებსაც უნდა ჰქონდეთ ხმის მიცემის საშუალება, რადგან ისინი იცავენ დემოკრატიას. არ არის სამართლიანი მათთვის ამ შესაძლებლობის წართმევა. ამიტომ, მე ამის წინააღმდეგი ვარ”, – შეაჯამა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამავდროულად, უკრაინის ლიდერმა თქვა, რომ ხელისუფლებას არ ებღაუჭება და სურს ქვეყანაში არჩევნების ჩატარება.

„არ მინდა, ფანტაზიებს მივეცე, რომ არჩევნების გარეშე ვიცხოვრებდით სამი-ხუთი-შვიდი წელი. არ მინდა, ხელისუფლების მიმართ ისეთი დამოკიდებულება იყოს, რომ ის თავის შენარჩუნებას ცდილობს. არაფერს ვებღაუჭები. ჩავატარებდი არჩევნებს”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები