როგორ „გაჩნდა“ იაპონიაში ქრისტეს საფლავი

იაპონიის კუნძულ ჰონსიუს ჩრდილოეთით სასოფლო-სამეურნეო რეგიონი აომორის პრეფექტურა მდებარეობს, რომელიც ცნობილია გემრიელი ვაშლით. გარდა ამისა, აქ არის ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები – ვულკანური ტბა ტოვადა, ჰაკოდას კლდეები და შირაკამის მთის ქედი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლადაა აღიარებული. აქ, ასევე, მდებარეობს სოფელი შინგო, რომელშიც „დაკრძალულია“… ქრისტე.

ქრისტეს მოსვლის ლეგენდა აომორის პრეფექტურაში შედარებით ცოტა ხნის წინ, მეორე მსოფლიო ომამდე გაჩნდა და მალე მისი საფლავი სოფელ შინგოში „იპოვეს“. ახლა არცერთ ადგილობრივს არ სჯერა მისი ავთენტურობის, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იყო. დრო, როდესაც მოსახლეობა ამით ამაყობდა, „ქრისტეს დღესასწაულს“ მოგვაგონებს, რომელიც აქ ყოველწლიურად აღინიშნება.

ადგილს, სადაც იესოს საფლავი მდებარეობს, „ქრისტეს სოფლის პარკს“ უწოდებენ. ეს არის პატარა ბორცვი, საგულდაგულოდ მოვლილი მცენარეულობით. მის თავზე დგას ორი საფლავი, ხის ჯვრებით. თუმცა, რატომ არის ორი? ეს აქვე განთავსებული განმარტებით აიხსნება.

ლეგენდა ამბობს, რომ ქრისტე იაპონიაში 21 წლის ასაკში ჩავიდა. მისი ვიზიტის მიზანი ღვთისმეტყველების შესწავლა იყო. 33 წლამდე ძე ღვთისა ცხოვრობდა და სწავლობდა სოფელ შინგოში, შემდეგ კი, იუდეაში დაბრუნდა. დანარჩენი ამბავი ყველასთვის ცნობილია. იესო ქადაგებდა, მაგრამ ის წინასწარმეტყველად არ აღიარეს და ჯვარზე სიკვდილი მიუსაჯეს.

თუმცა, აქ ისევ ინტრიგა იმალება… ამ ამბის თანახმად, ქრისტეს ნაცვლად, სიკვდილზე მისი უმცროსი ძმა ისუკირი წავიდა. თავად მაცხოვარი კვლავ იძულებული გახდა, დაეტოვებინა იუდეა. ციმბირის გავლით, ის დაბრუნდა იაპონიაში, სადაც 106 წლამდე ცხოვრობდა კვლავ სოფელ შინგოში, რომელიც მისი მეორე სახლი გახდა. როდესაც ის გარდაიცვალა, ადგილობრივებმა იგი პატივით დაკრძალეს გორაკზე.

მეორე საფლავი „ქრისტეს სოფლის პარკში“ ეკუთვნის მის ძმას, ისუკირის, რომელმაც თავი შესწირა ქრისტესთვის. საფლავში სხეული კი არ არის დამარხული, არამედ მხოლოდ მამაკაცის თმა. ამბავი საკმაოდ აბსურდულია, მაგრამ თავისებურად საინტერესო. შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ როგორ აღმოჩნდა იგი ამ მხარეებში.

ლეგენდის მუზეუმი და მისი ექსპონატები

შინგოს მცხოვრებნი ტურისტების ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ეს მხოლოდ ლეგენდაა. სოფელში განთავსებულია „ქრისტეს სოფლის“ მუზეუმიც. ზოგადად, ეს არის ადგილობრივი ისტორიის მუზეუმი, რომელიც მოგვითხრობს დასახლების ისტორიასა და მის მოსახლეობაზე, მაგრამ ექსპოზიციაში, ძველ კოსტიუმებსა და ხელსაწყოებს შორის, შეხვდებით „ქრისტეს შთამომავლების“ ფოტოებს, პირადად მის მიერ დაწერილ „ანდერძს“ და იაპონური სოფლის იუდეასთან კავშირის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტებს.

დიახ, იაპონიაში იესომ სახელი შეცვალა –  ტორაი ტარო დაიტენკუ გახდა და დაქორწინდა ადგილობრივ ქალზე. წყვილს სამი ქალიშვილი ჰყავდა, რომელთა შთამომავლები, ლეგენდის თანახმად, დღესაც სოფელში ცხოვრობენ. უცნაური ამბავი იზიდავს შინგოში ტურისტებს, რომელთა ფულიც ადგილობრივ ბიუჯეტს ავსებს. ყველაზე ცრუმორწმუნე მოხუცებიც კი ამბობენ, რომ გორაკზე საფლავებში არაფერია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები