ირაკლი ქადაგიშვილი: მედვედევის განცხადებები არ განსაზღვრავს საქართველოს ხელისუფლების კურსს
“ნუ გიხარიათ მედვედევის განცხადებები. მედვედევის განცხადებები არ განსაზღვრავს საქართველოს ხელისუფლების კურსს – საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს პრაგმატულად, ქვეყნის მიზნებიდან გამომდინარე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მედვედევი და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს კვებავს.
“მედვედევი და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს კვებავს, საქართველო და მისი ხელისუფლება თავისი გზით აგრძელებს განვითარებას. ნუ გიხარიათ მედვედევის განცხადებები. მედვედევის განცხადებები არ განსაზღვრავს საქართველოს ხელისუფლების კურსს. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს პრაგმატულად, ქვეყნის მიზნებიდან გამომდინარე. ჩვენი პოლიტიკა, მათ შორის, ერთიანობის აღდგენასთან დაკავშირებით გადის მხოლოდ მშვიდობიან და განვითარების გზაზე. ეს განვითარების გზა, საქართველოსთან აფხაზეთის და ცხინვალის რეინტეგრაციის საბოლოო საწინდარი იქნება. რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს მედვედევმა, საქართველო არის განვითარების გზაზე და არა ომის და გაჩანაგების გზაზე. საქართველო დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს და არ ექვემდებარება პირველყოვლისა მედვედევის კარნახს. კარგად გააანალიზეთ რა იმოქმედა მედვედევმა და ძველმა ხელისუფლებამ და რას აკეთებს დღევანდელი. მედვედევის განცხადებები ხდება ოპოზიციის მაცოცხლებელი, მორიგი იდეოლოგიური სპეკულაციის საშუალებაა. მეტი რა კავშირი გინდათ, როდესაც მედვედევის განცხადებაა მათი დღის წესრიგი. საქართველოს დღის წესრიგი აბსოლუტურად სხვაა“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.