უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ უკრაინელები ზეიმობენ ქვეყნის უწყვეტი დამოუკიდებლობის 32 წლის იუბილეს, რომელიც გაგრძელდება და რომლის დარღვევაც შეუძლებელია.
“დღეს ჩვენ, ყველა ვზეიმობთ უკრაინის დამოუკიდებლობის 32 წლის იუბილეს. 32 წელი უწყვეტი დამოუკიდებლობის, რომელიც გაგრძელდება მომავალშიც, რომლის დარღვევაც შეუძლებელია და რომელსაც უკრაინელები ხელიდან არ გაუშვებენ”, – ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კიევის ცენტრში არის უამრავი მტკიცებულება იმის, თუ რამდენად უძველესია უკრაინის სახელმწიფოებრიობის ისტორია და არანაკლებ მეხსიერება იმისა, თუ როგორ იკარგებოდა უკრაინის სახელმწიფოებრიობა და როგორ უწევდათ უკრაინელებს ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დამპყრობლების წინააღმდეგ.
“ჩვენ გამარჯვება ვიცით, და ჩვენ გავიმარჯვებთ. უკრაინელი ბავშვები უკრაინის მოედნებსა და ქუჩებში ასევე აღნიშნავენ უკრაინის დამოუკიდებლობას. ჩვენი შვილიშვილები იზეიმებენ და აღარასოდეს იქნება პაუზები უკრაინის ისტორიაში. ჩვენ მივცემთ უკრაინას ისეთ ძალას, რომელიც საკმარისი იქნება მუდმივი გამარჯვებისთვის”, – თქვა მან.
ამასთან, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იქნება მკაცრი დამოკიდებულება ყველას მიმართ, ვინც ცდილობს, „შიგნიდან გაანადგუროს, გაყიდოს, შეასუსტოს უკრაინის ძალა“.
“და უახლოეს მომავალში იქნება შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები”, – განაცხადა მან.
სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ საერთო ევროპული უსაფრთხოება შეუძლებელია უკრაინელი სამხედროების და უკრაინის პოტენციალის გარეშე.
“ჩვენი საერთო ევროპული სახლი უკრაინის გარეშე, შეიძლება იყოს მხოლოდ დაუმთავრებელი გრძელვადიანი მშენებლობა”, – თქვა ზელენსკიმ.