ევროკავშირი 50 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის მრავალწლიან გეგმას ამზადებს, – განაცხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ყირიმის მე-3 პლატფორმის სამიტზე გამოსვლისას.
„რუსეთის სასტიკი ტაქტიკა უკავშირდება უკრაინის პორტებზე თავდასხმას, რომელიც მიზნად ისახავს შიმშილის გავრცელებას მსოფლიოში. ამიტომ, ჩვენ მივესალმებით უკრაინის ძალისხმევას მარცვლეულის ექსპორტის ახალი გზების მოძიებაში, კერძოდ, თურქეთის ჩართულობით. ევროკავშირი მხარს უჭერს თქვენს მცდელობებს ახალ ბაზრებზე შესვლისთვის. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის ბრძოლა თქვენი მომავლისთვის, თქვენი მომავლის ოცნების რეალიზაციისთვის“, – განაცხადა მან.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “გასულ წელს უკრაინამ მიიღო ევროპული მომავლის პერსპექტივები და ახლა ჩვენ თავდაჯერებულად ვამბობთ, რომ საკითხი არ დგას, გახდება თუ არა უკრაინა ევროკავშირის წევრი. კითხვაა – როდის. ჩვენ ვემზადებით გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად“.
„მინდა, პატივისცემა გამოვხატო უკრაინის ხელმძღვანელობის, ყირიმელი თათარი ხალხის ლიდერების მიმართ, რომ ისინი მშვიდობისთვის ბრძოლას აგრძელებენ. მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, ყირიმში დევნის მიუხედავად, ცალკეული მოქალაქეების, ქალაქებისა და სოფლების მიმართ სისასტიკის მიუხედავად, თქვენ აგრძელებთ ბრძოლას და ევროკავშირი გააგრძელებს ბრძოლას იმავე გზით, რათა დანაშაულში პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ“, – განაცხადა მან.
მიშელის თქმით, „და ეს ეხება უკრაინის ტერიტორიული განუყოფლობის უპირობო პატივისცემას, ყირიმის ნახევარკუნძულის უკრაინის კუთვნილებას“.
მიშელის თქმით, „ჩვენ მხარს გიჭერთ სანქციების რეჟიმით და უფრო ძლიერად დაგიჭერთ მხარს. ჩვენ უკეთ დავაკმაყოფილებთ თქვენს ჰუმანიტარულ საჭიროებებს. ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ თავისუფლებისთვის ამ ბრძოლაში“.