გურამ მაჭარაშვილი: მედვედევის მაპროვოცირებელი განცხადების მიუხედავად, საქართველოს უკრაინიზაციას არ დავუშვებთ
“ხალხი ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადება შეაფასა.
მაჭარაშვილის თქმით, მედვედევის მაპროვოცირებელი განცხადების მიუხედავად, საქართველოს უკრაინიზაცია არ მოხდება.
“საქართველოს უკრაინიზაციას, ჩვენ აქ არ დავუშვებთ. მიუხედავად იმისა, როგორი მაპროვოცირებელი, შეურაცხმყოფელი განცხადებებიც უნდა გააკეთონ, მედვედევი იქნება ეს, რუსეთის ფედერაციის სხვა თანამდებობის პირი, თუ სხვა სახელმწიფოს ნებისმიერი თანამდებობის პირი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას დავგმობთ, ჩვენ ამას შესაბამის პასუხს გავცემთ, მაგრამ არ ავყვებით იმ პროვოცირებას, რასაც ჰქვია ნებისმიერი ფაქტი თუ განცხადება, რომ საქართველოში მოხდეს უკრაინიზაცია. დეოკუპაციის პროცესი უნდა მოხდეს მშვიდობიანად. ის, რომ რუსეთი ოკუპანტია და ამაში საერთაშორისო სასამართლოები მოგებული გვაქვს და ა.შ. ეს ფაქტები მოქმედებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი პოლიტიკა”, – ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი დასავლეთს მიმართავს და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის საზღვართან ე.წ მეორე ფრონტის გახსნის რეალური მცდელობა იქნება, ან საქართველო ნატოში გაწევრიანდება, მოსკოვი ოკუპირებულ აფხაზეთს და ე.წ.სამხრეთ ოსეთს აღიარებს და, სავარაუდოდ, თბილისში შეიჭრება, რადგან ახსენებს დასავლეთს, რომ 2008 წელს თბილისზე თავდასხმა საფრთხეების აღმოფხვრის შემდეგ გადაიფიქრა.