“არ იყო აუცილებლობა და არც ლოგიკა, რომ ათენის სამიტზე საქართველო ყოფილიყო მიწვეული” – მიხეილ სარჯველაძე

“განცხადება გაკეთდა, რა ფორმატის შეხვედრა იყო ათენში და რამ განაპირობა, მათ შორის, მოლდოვის და უკრაინის მიწვევა და რატომ არ იყო აუცილებლობა და არც ლოგიკა, რის გამოც შეიძლება საქართველო ყოფილიყო იქ მოწვეული”, – ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე 21 აგვისტოს ათენის სამიტის გამართვას.

სარჯველაძე გამოეხმაურა, ასევე, საკითხს იმის შესახებ, თუ რატომ არ მიიწვიეს საქართველოს დელეგაცია კიევში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეზე, ასევე, რატომ არ გავრცელდა ინფორმაცია “მებრძოლი სულის” სწავლების თაობაზე, რომელიც აგვისტოში ჩატარდა.

კითხვაზე – ხომ არ აჩვენებს ეს ყველაფერი, რომ ხელისუფლებას ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციისკენ მიჰყავს, სარჯველაძე პასუხობს:

“ქვეყანა, რა თქმა უნდა, თანამშრომლობს და აღრმავებს თანამშრომლობას ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ინფორმაცია ამის შესახებ გამოქვეყნდა, ინფორმაციის გავრცელების მასშტაბი თუ ვინმესთვის არადამაკმაყოფილებელი იყო, თქვენ შეგეძლოთ ამის თაობაზე პოზიტიურ კონტექსტში გესაუბრათ, მაგრამ ეს არ გააკეთეთ, რადგან ჩასაფრება იყო უფრო მეტად მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, ცუდად გამოიყურება ეს ყველაფერი, მაგრამ ასეა.

ათენთან დაკავშირებით ითქვა და განცხადებაც გაკეთდა, ეს რა ფორმატის შეხვედრა იყო და რამ განაპირობა, მათ შორის, მოლდოვის და უკრაინის მიწვევა და რატომ არ იყო აუცილებლობა და არც ლოგიკა არსებობდა, რის გამოც შეიძლება საქართველო ყოფილიყო იქ მოწვეული.
ბოლოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით – პირველ რიგში, რასაკვირველია, ვულოცავ ამ დღეს მთელ უკრაინას.

რასაკვირველია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და მით უფრო, დღევანდელობაში მკაფიოდ გამოიკვეთა მნიშვნელობა ამ დღისა. თუ რა განაპირობებს საქართველოს დელეგაციასთან დაკავშირებით მიწვევის საკითხს, პროტოკოლური ურთიერთობები როგორ წარიმართება, მე ინფორმირებული არ ვარ ამ წუთში, მაგრამ ძალიან ვისურვებდი არავინ არსებობდეს არც საქართველოში და არც უკრაინაში, ვინც ძალიან დიდი გულშემატკივარი აღმოჩნდება ქართულ -უკრაინული ურთიერთობების დაზიანების. სამწუხაროდ, დღეს ოპოზიციაში საქართველოში და უკრაინაშიც საკმაოდ მოიპოვებიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც აქტიურად გულშემატკივრობენ, რომ დაძაბული და გართულებული იყოს ურთიერთობა საქართველოსა და უკრაინას შორის.

ეს არის გაგრძელება იმ ნაბიჯების, რაც იყო თავის დროზე მიღებული უსაფუძვლოდ ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით და ბევრი სხვა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არცთუ მაინც და მაინც მეგობრულად გამოიყურება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები