საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა.
„ეს განცხადება მოვისმინეთ. საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, ერთი მხრივ, აღიარებულია მთელი ცივილიზებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და საქართველოს პოზიციაც ამ მიმართულებით არის ურყევი, ერთმნიშვნელოვანი, ცალსახა. ეს ნიშნავს, რომ კატეგორიულად მიუღებელი და არალეგიტიმურია ნებისმიერი განცხადება, ქმედება, რომელიც იქნება შეუთავსებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრიორიტეტთან. აქედან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად კატეგორიულად მიუღებელი განცხადებაა, რომელიც მოვისმინეთ იმ სახელმწიფოს წარმომადგენლისგან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. იმავდროულად, ჩვენ ვიცით არსებული ვითარება, კონტექსტი და ამ მიმართულებით საქართველოს მიერ არჩეული პოზიციაც. საქართველო ვერასდროს შეურიგდება თავისი ტერიტორიების ოკუპაციას. ვერცერთ შემთხვევაში, ვერასდროს შეურიგდება ამ მდგომარეობას. შესაბამისად, ჩვენ ურყევად გავაგრძელებთ ბრძოლას დეოკუპაციისთვის. ეს ნიშნავს, რომ საქართველო მშვიდობიანი გზით აუცილებლად შეძლებს, აღასრულოს ისტორიული სამართლიანობა, დაიბრუნოს ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ამ მიმართულებით ურყევი ნება იქნება ის ფაქტორი, რომელიც ადრე თუ გვიან შეგვაძლებინებს, რომ გავამთლიანოთ საქართველო. პირადად ჩემთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს ამ განცხადებას, რაც უნდა შეფასება მიეცეს – იქნება ეს გაფრთხილება, მუქარა თუ ნებისმიერი სხვა რამ. რასაკვირველია, ეს თანაბრად მიუღებელია საქართველოსა და მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია, არ არსებობს ფორმა, რომელიც შეიძლება, ამ უზენაესი ღირებულების რაიმე ფორმით ხელყოფის შესაძლებლობას ქმნიდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, საუბარია განცხადებაზე, სადაც მედვედევმა აღნიშნა: „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია. ის შეიძლება, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზი იარსებებს“.