“2008 წელს თბილისზე თავდასხმა შევაჩერეთ, მაგრამ დღეს ვითარებას ისევ აქტიურად ამწვავებენ” – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი შესაძლოა, რუსეთს „მიუერთონ“, თუ ამის მიზეზი იარსებებს.

ამის შესახებ მან AiF-ისთვის დაწერილ სტატიაში ამბობს, რომელშიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს აანალიზებს.

„2008 წლის ისტორიის გამეორება არ გვჭირდება. ჩვენ ისევ ვართ მზად, მოვაგვაროთ პრობლემები მოლაპარაკებათა მაგიდასთან, გაეროს წესდების სულისკვეთებით. მაგრამ თუ ჩვენს შეშფოთებას რეალური კონტურები გამოუჩნდება – არ დავაყოვნებთ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან მიერთების იდეა ისევ პოპულარულია. და სრულებითაც შესაძლებელია, რომ იყოს რეალიზებული, თუ ამის მკაფიო მიზეზები გამოჩნდება”, – წერს მედვედევი.

მისი აზრით, დასავლეთისთვის მოვლენების ასეთი განვითარება მორიგი სამარცხვინო მარცხი იქნება და გავლენის კატასტროფული დაკარგვის კიდევ ერთი სიმბოლო.

„2008 წელს შევაჩერეთ თბილისზე თავდასხმა, როდესაც მივაღწიეთ წარმოშობილი საფრთხეების აღმოფხვრას და მივიღეთ უსაფრთხოების გარანტიები. მაგრამ დღეს ვითარებას ისევ აქტიურად ამწვავებენ, როგორც ჩანს, უკრაინის ფლანგთან ერთად, ჩვენს საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერის შესაქმნელად. ისევ მიდის საუბარი ნატოში საქართველოს, შესაძლო გაწევრიანებაზე. თითქოს დაკვეთით, ისევ დაიწყო ამ ქვეყანაში რუსოფობიური აფეთქებები”,- მიიჩნევს მედვედევი.

მისი მტკიცებით, 2008 წელს მოსკოვი გაეროს წესდების შესაბამისად მოქმედებდა და “ოდიოზური სააკაშვილის რეჟიმმა მიიღო მკაცრი და სწრაფი წინააღმდეგობა”.

მისივე აზრით, “ქართველების უმრავლესობისთვის ბევრად კომფორტულია მშვიდობიანი თანაცხოვრება რუსეთთან, რადგან ის გვერდით არის, შეერთებული შტატები კი – ოკეანეს გაღმა”.

მედვედევის თქმით, მეზობელი ქვეყნისთვის “რუსოფობია – ნონსენსია, სიმახინჯე, მძიმე დაავადება”, “საბედნიეროდ, განკურნებადი დაავადება”.

სტატიაში მან ისევ გაიმეორა მოსაზრება, რომ უკრაინის ლიდერს, ვოლოდიმირ ზელენსკის ისეთივე ბედი ელოდება, როგორიც – მიხეილ სააკაშვილს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები