გიორგი ცუცქირიძე: ინვესტიცებში რუსული კაპიტალის წილი მხოლოდ 5.2%-ია, რაც ყოველგვარ არგუმენტს აცლის ოპოზიციურ ნარატივს
გარდა იმისა, რომ ინვესტიციები უშუალოდ მონაწილეობს ეკონომიკური ზრდის კონტრიბუციაში, აჩვენებს ინვესტორთა მოლოდინს ქვეყნის განვითარების პერსპექტივის თვალსაზრისით, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე წერს.
როგორც ეკონომისტი წერს, ინვესტიცებში რუსული კაპიტალის წილი მხოლოდ 5.2%-ია, რაც რეალურად აცლის ყოველგვარ არგუმენტს ოპოზიციურ ნარატივს
„ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვან ინდიკატორს, საგარეო სავაჭრო ბრუნვასთან ერთად პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ უშუალოდ მონაწილეობს ეკონომიკური ზრდის კონტრიბუციაში, აჩვენებს ინვესტორთა მოლოდინს ქვეყნის განვითარების პერსპექტივის თვალსაზრისით, განსაკუთრებით ეს გრძელვადიან საინვესტიციო დაბანდებებს ეხება, რაც აისახება რეინვესტირების მაჩვენებელში და სააქციო კაპიტალში შენატანების ზრდის დინამიკის კონტექსტში.
ამ კუთხით მეტად საინტერესოა 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებული მონაცემები, რომელიც საქსტატმა გამოაქვეყნა. მოგეხსენებათ გასულ წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც დაზუსტებული მომაცემებით წინასწარ მონაცემს 4.9 %-ით აღემატება, ხოლო 2021 წელთან შედარებით 1.7 ჯერ არის გაზრდილი. ნიშანდობლივია, რომ დაზუსტებულ მონაცემებში გაზრდილია, როგორც რეინვესტირების, ასევე სააქციო კაპიტალის მაჩვენებლები. ამასთან, რეინვესტირების წილი მთლიან ინვესტიციებში ბოლო სამი წელი ისედაც მაღალია და 65.7 % შეადგენს, რაც ქვეყნის ეკონომიკისადმი ინვესტორთა გრძელვადიანი პოზიტიური განწყობების მაჩვენებელიც არის.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მზარდი დინამიკა, იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ქვეყნების მიხედვით ლიდერობენ დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის ქვეყნები აშშ-სთან ერთად. გაერთიანებული სამეფოს 20.8 %, შემდეგ მოდიან ესპანეთი-17,2 %-ით, ნიდერლანდები-9.4 %, აშშ-8.4 % და ჩწხეთი-4 %, რუსული კაპიტალის წილი მხოლოდ 5.2 %-ია, რაც რეალურად აცლის ყოველგვარ არგუმენტს ოპოზიციურ ნარატივს, რუსული კაპიტალის დომინირებაზე ბოლო წლებში და განსაკუთრებით, ეს გასულ წელს ეხება.
ამასთან, ინვესტიციების ზრდა მოდის პოსტ კოვიდ პანდემიურ პერიოდში, რაც განსაკუთრებით ბოლო 2 წელიწადში ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. ეს მიღწევა განსაკუთრებით დასაფასებელია იმის გათვალისწინებითაც, რომ სწორედ ღარიბაშვილის პრემიერობისას ქვეყანამ დააღწია თავი კოვიდის უმძიმეს კრიზისს და 2020 წელს 6.2 რეცესიის შემდეგ, 2021-2022 წლებში გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სარეკორდო მაჩვენებელთან ერთად, ბიუჯეტის დეფიციტის მკვეთრად შემცირებაში, შემცირებულ უმუშევრობაში და გაზრდილ საშუალო ნომინალურ ხელფასებში აისახა, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის მიხედვით.
მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ინდიკატორები – როგორიცაა ფინანსური ნაკადები, საინვესტიციო პოზიციები და შემოსავლების ნაკადები – არ არის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კომპონენტები, იგი შეიძლება გამოითვალოს ამ მაჩვენებლების მშპ-სთან თანაფარდობით, როგორც საერთაშორისო ეკონომიკაში ქვეყნის ეკონომიკის ინტეგრაციის ინტენსივობის შესაფასებლად. შესაბამისად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობით, რაც 8.5%-ია, საქართველო უსწრებს როგორც გლობალურ საშუალო მსოფლიო მ,აჩვენებელს -1.9 %, ასევე ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელსაც-2.5 %. და რეგიონის ქვეყნებსაც. თურქეთში ეს მაცვენებელი გასულ წელს 1.4 % იყო, სასომხეთში-5.1 %, აზერბაიჯანში საერთოდ -5.7 %-იან უარყოფით მაჩვენებელში აისახა, ყაზახეთში 2.3 % პროცენტი შეადგინა”, – წერს გიორგი ცუცრიქიძე სოციალურ ქსელში.