“აშშ-ის ელჩის განცხადებას მოჰყვა მთელი რიგი ინტერპრეტაციები და ამან კამპანიური ხასიათი შეიძინა” – გიორგი კალანდარიშვილი

“აშშ-ის ელჩის განცხადებას მოჰყვა მთელი რიგი ინტერპრეტაციები. ამან კამპანიური ხასიათი შეიძინა. ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაცია და ელექტრონული პროცესის დაზიანება. ამიტომ მოვუწოდეთ ჩართულ მხარეებს, რომ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისგან, რომელსაც შეუძლია ჩირქი მოსცხოს და დააზიანოს ასეთი ისტორიული პროცესი, როგორიცაა ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი გამოყენება ჩვენს ქვეყანაში”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განუცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა ინფორმირება, განათლება, ცნობიერების ამაღლება ნებისმიერ საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა ტექნოლოგიები. ჩვენ მთელი რიგი ნაბიჯები გადავდგით იმისთვის, რომ რეფორმის წარმატებით და ეფექტიან აღსრულებას გამოვხმაურებოდით. მათ შორის არის მიმდინარე საარჩევნო ბანაკები, ადმინისტრატორის კურსები, საზაფხულო სკოლები, რომლის ფარგლებშიც უკვე 15 000-ზე მეტი ადამიანი არის სიღრმისეულად გადამზადებული იმისთვის, რომ ცნობიერება იყოს ამაღლებული და პოტენციურ საარჩევნო ადმინისტრატორთა ბაზა შეიქმნას. მასშტაბები კიდევ უფრო მეტად გაფართოვდება, გაიზრდება, განსაკუთრებით მომავალი წლიდან, რომელიც ასევე დაფარავს პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა ჩართული მხარეების ინფორმირებასა და სიღრმისეულ გაცნობას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ არათუ ვაკლებთ რამეს, არამედ ადმინისტრაციას წელიწად-ნახევრით ადრე იმაზე მეტი გვაქვს გაკეთებული, ვიდრე შეიძლება ვინმე ამის შესახებ წარმოდგენა ჰქონდეს. წინ ასევე გველოდება სიღრმისეული საინფორმაციო კამპანიები, რათა ფაქტობრივად ყველა ამომრჩევლამდე მივიტანოთ ინფორმაცია სიახლეებისა და ახალი სერვისების შესახებ.

დღეს გვაქვს მყარი გარანტია, უკვე ჩატარებული 7 პილოტის შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება, მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორი, კომპანია Smartmatic-ი, რომელსაც 30-ზე მეტ 110-ზე მეტი არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება აქვს. ეს არის კომპანია, რომელსაც აშშ-ში, კანადაში, ბელგიაში, ალბანეთში და სხვა ევროპულ ქვეყნებში აქვს ანალოგიური აპარატების გამოყენების გამოცდილება. ფილიპინებში 67 მილიონზე მეტი ამომრჩეველი ანალოგიური აპარატების მეშვეობით მონაწილეობს არჩევნებში. ეს არ არის ახალი ველოსიპედი, რომელსაც გავტესტავთ 2024 წლის არჩევნებზე. 2024 წელს არჩევნებს აბსოლუტურად სრულ მზადყოფნაში შევხვდებით და უზრუნველვყოფთ მაღალი საერთაშორისო ევროპული სტანდარტების შესაბამისად. აშშ-ის ელჩის განცხადებას მოჰყვა მთელი რიგი ინტერპრეტაციები. ამან კამპანიური ხასიათი შეიძინა. ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაცია და ელექტრონული პროცესის დაზიანება. ამიტომ მოვუწოდეთ ჩართულ მხარეებს, რომ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისგან, რომელსაც შეუძლია ჩირქი მოსცხოს და დააზიანოს ასეთი ისტორიული პროცესი, როგორიცაა ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი გამოყენება ჩვენს ქვეყანაში“, – აცხადებს ცესკოს თავმჯდომარე.

კელი დეგნანმა თქვა, რომ ელექტრონული სისტემა არ იძლევა გარანტიას და მისით მანიპულაციაც შესაძლებელია.

„უზრუნველყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი დათვლილი“, – აღნიშნა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები