მიხეილ სარჯველაძე: მათი ინტერესი იმთავითვე იყო, რომ ეს ტრაგედია გამოყენებული ყოფილიყო პოლიტიკური საქმიანობისთვის

მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით  „ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშს გამოეხმაურა.

“მათი ინტერესი იმთავითვე იყო, რომ ეს ტრაგედია გამოყენებული ყოფილიყო მათი პოლიტიკური საქმიანობისთვის, შესაბამისად, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებების კეთების ახალ  საშუალებად გაჩენილიყო. მოგვიანებით, როდესაც დაიწყეს ფიქრი იმასთან დაკავშირებით, რომ რა შეიძლება, ყოფილიყო ხელისუფლების წინააღმდეგ ქვის სროლის მიზეზი, ამ შემთხვევაში ამის ხელოვნურად შეკოწიწება უყვართ და არის გამალებული ფაცი-ფუცი იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება შეთხზან”, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 3 აგვისტოს, რაჭაში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით, პარტიის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშის პრეზენტაცია პარტიის ოფისში, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა და პარტიის წევრმა ლაშა ფარულავამ გამართეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშის მიხედვით, არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები იმყოფებოდნენ მცხეთაში, რესტორან „მარანი ჰოლში“, აღნიშნავდნენ სუს-ის შექმნის 8 წლის იუბილეს, რაც შესაძლოა, კავშირში იყოს სახელმწიფო უწყებების დაგვიანებულ რეაგირებაზე სტიქიასთან მიმართებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები