“შოვში პირველივე წამიდან იყო რეაგირება, რადიკალური ოპოზიცია კი ცდილობს, ტრაგედია პოლიტიკური ქულებისთვის გამოიყენოს” – გივი მიქანაძე

“მაქსიმალური კეთდება, პირველივე წამიდან იყო რეაგირება. განცხადებები, რომ შოვში რეაგირება დაგვიანდა, არის მცდელობა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ტრაგედია პოლიტიკური ქულებისთვის გამოიყენოს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.

„სამწუხაროა, მაგრამ პოლიტიკურად გაკოტრებულ სუბიექტ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება შიდაკრიზისული მდგომარეობიდან და საზოგადოების არანაირი მხარდაჭერიდან გამომდინარე, არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ გამოიყენოს უდიდესი ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. იმის ნაცვლად, სოლიდარულები ყოფილიყვნენ, ჩასულიყვნენ ადგილზე, აკეთებენ ხმამაღალ განცხადებებს, რომ პოლიტიკური ქულები დაიწერონ, იმდენი მორალიც კი არ აქვთ, რომ ამ უმძიმეს პერიოდში თავი შეიკავონ, როცა მთელი მსოფლიო გვისამძიმრებს.

მე არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი, თუმცა, მოვისმინეთ არაერთი კვალიფიციური, სანდო ექსპერტის განცხადება, სადაც პირდაპირ და ცალსახად იყო ნათქვამი, რომ ეს იყო სტიქიური უბედურება, რომლის პრევენცია შეუძლებელი იყო. ეს იყო მყისიერი მოქმედება, რომლის შედეგადაც რამდენიმე წუთში განვითარდა ტრაგედია, ეკოლოგიური კატასტროფა და ფიზიკურად ადამიანების გადარჩენა იმ რამდენიმე წუთში ან მათი წინასწარ შეტყობინება შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენი გმირი მაშველები, პოლიციელები, ჯარისკაცები, ასევე მოხალისეები დღემდე აგრძელებენ დაკარგული ადამიანების მოძიებას. ვნახეთ, რა მასშტაბებზე გავიდა სტიქიის შედეგები, რომ ცხედარი, რომელიც გუშინ აღმოაჩინეს, იყო 55 კილომეტრის დაშორებით ეპიცენტრიდან.

მაქსიმალური კეთდება, სახელმწიფოს, ხელისუფლების მხრიდან პირველივე წამიდან იყო რეაგირება და იმის განცხადება, რომ რეაგირება დაგვიანებული იყო, უსაფუძვლოა და არის იმის მცდელობა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ საკუთარი პოლიტიკური ქულებისთვის გამოიყენოს,“ – განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები