გივი მიქანაძე: კელი დეგნანის განცხადებები პოლარიზაციის გაზრდას უწყობს ხელს 

“კელი დეგნანის განცხადებები პოლარიზაციის გაზრდას უწყობს ხელს. ბოლო განცხადება ელექტრონული საარჩევნო სისტემის ეჭვქვეშ დაყენებას ისახავს მიზნად”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე არჩევნებთან დაკავშირებით კელი დეგნანის განცხადებას.

მისივე თქმით, დეგნანის განცხადებით თანხვედრაში ვერ მოდის იმ ფუნქციებთან, რასაც, წესით, მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩი უნდა ახორციელებდეს.

„სამწუხაროა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ქალბატონი ელჩის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, მათ შორის, ბოლო განცხადებაც, რომელიც ელექტრონულ საარჩევნო სისტემის ეჭვქვეშ დაყენებას ისახავს მიზნად და არის სრულიად უსაფუძვლო მცდელობა, ემსახურება იმ ინტერესებს, რომელიც დეპოლარიზაციას კი არ ამცირებს, არამედ პოლარიზაციას ზრდის. ეს არ არის ელჩის ფუნქცია. ელჩი უნდა ცდილობდეს, მაქსიმალურად შეძლოს მხარეთა პოზიციების თანხვედრა მოახდინოს. ასეთი განცხადებები და ეს პირველი შემთხვევა არ არის, პოლარიზაციის გაზრდას უწყობს ხელს. ჩვენი უკმაყოფილება სწორედ ამგვარ განცხადებებთან არის დაკავშირებული, რომელიც თანხვედრაში ვერ მოდის იმ ფუნქციებთან, რასაც, წესით, ჩვენი ასეთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩი უნდა ახორციელებდეს”, – განაცხადა მიქანაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-შიც ნახეს, რომ არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარებაც ვერ იძლევა გარანტიას, რომ „ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება“.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია აგრეთვე მონიტორინგის გრძელვადიანი მისია, რადგან მხოლოდ არჩევნების დღეს არ ხდება არასწორი რაღაცები, სინამდვილეში, ეს თვეებით ადრე ხდება: ადამიანების დაშინება, ხმების მოსყიდვა, ადამიანების მიმართ მუქარა, რომ, თუკი ისე არ მისცემენ ხმას, როგორც საჭიროა, სამსახურს დაკარგავენ. ნაკლებად მნიშვნელოვანია – აშშ-ს აქვს თუ არა ნდობა შედეგის მიმართ, არამედ ამომრჩეველსა და საქართველოს ხალხს უნდა სჯეროდეს, რომ არჩევნები ნამდვილად სამართლიანია და ასახავს საქართველოს ხალხის ნებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები