ირაკლი ზარქუა: ორმაგი სტანდარტი ვიხილეთ აშშ-ში – იქ თუ დანაშაულია არჩევნებში წაგებულის მხრიდან წაგების არაღიარება და გამარჯვებული პარტიის გაყალბებაში დადანაშაულება, აქ რა, „ბანანის რესპუბლიკაა“ და ამიტომ „მოსულა“?!

“ორმაგი სტანდარტი ვიხილეთ აშშ-ში. იქ თუ დანაშაულია წაგებულის მხრიდან წაგების არაღიარება და გამარჯვებული პარტიის გაყალბებაში დადანაშაულება, აქ რა, „ბანანის რესპუბლიკაა“ და ამიტომ „მოსულა“?! ამას ვედავებით კელი დეგნანს. რადიკალების გვერდით დგომა მიუღებელია”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ზარქუა „ხალხის ძალის“ განცხადებას.

მისივე თქმით, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა პოლარიზაცია გააღრმავა.

„ჩვენ ვიხილეთ ორმაგი სტანდარტი აშშ-ში საარჩევნო კამპანიის და იმ პერიპეტიების მიმართ, რაც იყო. აქ განსხვავებული მიდგომა აქვთ სტრატეგიულ პარტნიორებს და მათ წარმომადგენლებს და ეს ჩემთვის გაუგებარია. იქ თუ დანაშაულია წაგებულის მხრიდან წაგების არაღიარება და გაყალბებაში დადანაშაულება გამარჯვებული პარტიის, აქ რა, ყველაფერი „მოსულა“ ჩვენს ქვეყანაში? ეს „ბანანების რესპუბლიკაა“ და ამიტომ „მოსულა“?! ამას ვედავებოდით ქალბატონ დეგნანს. პირდაპირ უნდა ვთქვათ, ის ვერ შედგა როგორც ელჩი და იმის ნაცვლად, რომ პოლარიზაცია შეემცირებინა, გააკეთა ყველაფერი და უფრო მეტად გააღრმავა. ვწუხვარ, მაგრამ ამის თქმის საფუძველს მაძლევს მისი ქმედებები, განცხადებები და მისი ეს მიდგომები, რაც ჰქონდა საარჩევნო კამპანიის მიმართ. ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ საქართველოს მომავალი უკავშირდება ევროატლანტიკურ სივრცეს, ეს კონსტიტუციაშიც კი აღვბეჭდეთ, მაგრამ ვინც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს პატივს არ სცემს, იგნორირებას გაუკეთებს და რადიკალების გვერდით დადგება, ეს ჩემთვის პირადად მიუღებელია. ამიტომაც პიროვნულად არაფერი, მაგრამ მგონია, რომ ბევრი შეცდომა დაუშვა ქალბატონმა ელჩმა”, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, “ხალხის ძალამ” დღეს განცხადება გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები