კელი დეგნანი: ევროკავშირის წევრებს დეკემბრამდე, სულ რაღაც თვეები აქვთ, რომ დაინახონ – არის თუ არა აქ მმართველობა ფოკუსირებული იმაზე, რის შესახებაც საქართველოს ხალხმა მკაფიოდ განაცხადა
“კომპრომისი ძნელია და სწორედ ამიტომ არის საჭირო გამბედაობა, დიდი გამბედაობა. კიდევ გავიმეორებ – თუკი შენი მიზანია, ემსახურო საქართველოს საუკეთესო ინტერესებს, ეს საჭიროებს კომპრომისს ყველასგან”,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს.
მისივე თქმით, ევროკავშირის წევრებს დეკემბრამდე, სულ რაღაც თვეები აქვთ, რომ დაინახონ – არის თუ არა აქ მმართველობა ფოკუსირებული იმაზე, რის შესახებაც საქართველოს ხალხმა მკაფიოდ განაცხადა.
“მნიშვნელობა არ აქვს ამას “19 აპრილის შეთანხმებას” დაარქმევ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას თუ 12 რეკომენდაციას. ეს ყველაფერი გულისხმობს ერთსა და იმავე რეფორმებს, რომლებზეც საქართველო მუშაობს წლების, ათწლეულების განმავლობაში და ბევრ სფეროში შთამბეჭდავ პროგრესსაც მიაღწია, იქნება ეს საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა თუ სხვა. ბევრ სფეროში ჩანს კარგი პროგრესი. მაგრამ, ეს პროცესია, ის უნდა გაგრძელდეს და თუკი ის შეჩერდება იმის გამო, რომ ადამიანებს ერთად მუშაობა არ სურთ, არ სურთ კომპრომისებზე წასვლა, სწორედ აქ ვხედავთ პრობლემას.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები აკვირდებიან აგრეთვე, როგორ ასრულებს საქართველო ამ რეფორმებს და შეუძლია თუ არა ქვეყანას გაერთიანება ამ რეფორმებზე სამუშაოდ. ვთვლი, რომ საქართველოს ჯერაც აქვს დრო ამის საჩვენებლად. 12-ვე რეკომენდაცია ასი პროცენტით რომც არ შესრულდეს, ვფიქრობ, წევრი ქვეყნები აკვირდებიან, რამდენად მოწადინებულია საქართველო შეასრულოს ეს ამოცანები, ვინაიდან, ცხადია, მუშაობა გაგრძელდება. კანდიდატის სტატუსი არის შემდეგი ქვაკუთხედი წევრობისკენ მიმავალ გზაზე. ევროკავშირის წევრებს დეკემბრამდე, სულ რაღაც თვეები აქვთ, რომ დაინახონ – არის თუ არა აქ მმართველობა ფოკუსირებული იმაზე, რის შესახებაც საქართველოს ხალხმა მკაფიოდ განაცხადა. ხალხს კი სურს ევროპული მომავალი.
თუკი საქართველო შეასრულებს საშინაო დავალებას… საქართველოს აქვს მკაფიო გზა, ზუსტად ისეთი, როგორიც ევროკავშირთან: წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) არის დოკუმენტი, რომელსაც საქართველო წარადგენს და რომელზეც თანხმდება ნატოს წევრებთან. ეს გზამკვლევია. თუკი საქართველო შეასრულებს მძიმე სამუშაოს, რაც მოიცავს იმავე სახის პოლიტიკურ რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის წევრობისთვის, თუკი საქართველოს ლიდერებს ექნებათ საკმარისი გამბედაობა და ძალა დასხდნენ ერთად და შეასრულონ მძიმე საქმე, რომელიც გაწერილია 12 რეკომენდაციასა და წლიურ ეროვნულ პროგრამაში, რთული იქნება ევროკავშირის რომელიმე წევრისა თუ ნატოს რომელიმე მოკავშირე ქვეყნისთვის თქვას „არა“. თუმცა, საქმე გასაკეთებელია და ახლაა პროგრესის დრო”, – აცხადებს დეგნანი “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში.