უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დანიის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა და ქვეყანას გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, უკრაინა, საგარეო მხარდაჭერით, რუსულ აგრესიას გაუძლებს.
ამის შესახებ Eurointegration-ი იტყობინება.
„რუსული ბოროტება უკრაინის ქალაქებსა და სოფლებს ტკივილით და სიკვდილით ურტყამს და ღიად ამბობს, რომ უკრაინით არ შემოიფარგლება. ჩვენი ქვეყნის შემდეგ, მათ მოუნდებათ ეს ტანჯვა ევროპასა და მსოფლიოში გადაიტანონ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოსკოვიდან გესმით. თუ უკრაინა ვერ გადარჩება, უკრაინის ყველა მეზობელს საფრთხე ემუქრება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, საერთაშორისო სამართლის აღდგენა ვეღარ მოხერხდება და სამიზნე შესაძლოა, მსოფლიოს თითოეული დემოკრატიული ქვეყანა გახდეს.
თუმცა, ზელენსკის თქმით, უკრაინა გადარჩება.
“როდესაც პუტინმა შეჭრის ბრძანება გასცა, მას ჯავშანტექნიკის რაოდენობის სჯეროდა, რუსული რაკეტების აფეთქების ძალის სჯეროდა, რომ სისასტიკეს შეეძლო კონტინენტის ისტორიის გადაწერა. მას სჯეროდა ძალადობის და ამიტომ არის ის უფრო სუსტი,” – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა ის იარაღი ჩამოთვალა, რომელიც უკრაინას დანიამ გადასცა და აღნიშნა, რომ უკრაინა გზას Javelin-დან Patriot-ებამდე და F-16-მდე გადის.
დღეს ზელენსკი საბერძნეთში გაემგზავრება, სადაც ბალკანეთის ქვეყნების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.