უკრაინასა და რუსეთს შორის გაზის ტრანზიტის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, სერბეთი მზად არის – უნგრეთში რუსული გაზის ტრანზიტი გაზარდოს.
ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიარტომ განაცხადა და აღნიშნა, რომ შესაბამისი დაპირება პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ვუჩიჩმა მისცა.
„უკრაინა ცდილობს, შეწყვიტოს რუსეთთან ადრე დადებული სატრანზიტო შეთანხმება. სერბეთი მზადაა, უზრუნველყოს საჭირო სატრანზიტო მოცულობა, თუ უნგრეთს მოუნდება ბუნებრივი აირის მოცულობის გაზრდა, რომელიც ამჟამად სერბეთის გავლით უნგრეთში მიდის“, – განაცხადა მინისტრმა.
ამჟამად, უნგრეთი ბუნებრივი აირის დაახლოებით 80%-ს რუსეთიდან იღებს. მისი უდიდესი ნაწილი გაზსადენ “თურქული ნაკადით” მიდის, რომელიც სერბეთს გადის.
2021 წელს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, უნგრეთი რუსეთისგან გაზს 15 წლის ვადით იღებს. უკრაინის, შემდეგ კი – სლოვაკეთის და ავსტრიის გავლით, უნგრეთი იღებს 1 მილიარდ კუბურ მეტრს წელიწადში, კიდევ 3,5 მილიარდი კუბური მეტრი “თურქეთის ნაკადის” გავლით მიდის.
2024 წელს უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის კონტრაქტი სრულდება.
16 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ უკრაინა გაზის ტრანზიტის გაგრძელებაზე რუსეთთან მოლაპარაკების წარმოებას არ აპირებს.