ABC News: უკრაინა კონტრშეტევაში მძიმე დანაკარგებს განიცდის

არსებობს მზარდი მტკიცებულება, რომ უკრაინა მძიმე დანაკარგებს განიცდის კონტრშეტევაში, რომელიც დაახლოებით ათი კვირის წინ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

აღნიშნული გამოცემა ესაუბრა ორ ყოფილ ამერიკელ ჯარისკაცს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების რაზმში კონტრაქტით იმყოფებიან და ორივე მათგანი აღმოსავლეთ უკრაინაში ორი კვირის წინ ჩატარებული ოპერაციის დროს დაშავდა.

როგორც მათ აღნიშნეს, მათი რაზმის მისია დონეცკის გარეუბანში მდებარე სოფელზე კონტროლის აღება იყო.

ერთ-ერთმა მათგანმა, ყოფილმა ამერიკელმა ჯარისკაცმა ტეხასიდან, განაცხადა, რომ მისი რაზმის დანაკარგების მაჩვენებელმა 85% შეადგინა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქვედანაყოფის ორმოცი პროცენტი იმდენად მძიმედ იყო დაშავებული, რომ ბრძოლის თვალსაზრისით არაეფექტური გახდნენ.

აშშ-ის არმიის მეორე ვეტერანმა განაცხადა, რომ აშკარა გახდა, რომ ისინი რუსეთის ჯარების ძალიან ორგანიზებული წინააღმდეგობის წინაშე აღმოჩნდნენ.

„ეს ნამდვილად იყო ძალიან პროფესიონალური ძალა, რომლის წინააღმდეგ ჩვენ ვიბრძოდით“, – აღნიშნა აშშ-ის არმიის ვეტერანმა ალასკიდან.

ABC News ასევე დაუკავშირდა ორ სხვა უკრაინელ ჯარისკაცს, რომლებიც გამოკითხულ იქნა ომის ადრინდელ ფაზაში და მათ განაცხადეს, რომ ისინი ასევე დაშავდნენ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში.

ერთ-ერთმა დასავლელმა სამხედრომ, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და რომელიც ასევე კონტრაქტით მსახურობს უკრაინულ ძალებში, ამბობს, რომ მან სერიოზული ტრავმა მიიღო კონტრშეტევის ადრეულ ეტაპზე ივნისში.

ჯარისკაცმა თქვა, რომ შეტევითი ოპერაციები, რომლებშიც ის მონაწილეობდა, იყო არაორგანიზებული და ზოგიერთი ტაქტიკური გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

„ჩვენ დავკარგეთ სამი ლეოპარდი [გერმანული წარმოების მოწინავე ტანკი] ერთ დღეში, რადგან მათ უბრალოდ უთხრეს, დანაღმული ველისკენ წასულიყვნენ“, – აღნიშნა სამხედრომ.

მანვე დასძინა, რომ ახლად მობილიზებულ უკრაინელ ჯარისკაცებს ხშირად არ აქვთ საჭირო მომზადება ბრძოლის ველზე რთული შეტევითი ოპერაციებისთვის.

ამასთან, სამხედრომ აღნიშნა, რომ ივნისის დასაწყისიდან მისი ბატალიონის ათობით ჯარისკაცი შეტევით ოპერაციებში იყო ჩართული და მათგან დაახლოებით 80% დაიჭრა. თუმცა, მისი თქმით, მსხვერპლი არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები