საქსტატი – 2023 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.7 პროცენტამდე შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.7 პროცენტი შეადგინა.
კვლევის მიხედვით, 2023 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 48.7 ათასი კაცით (5.6%) და 916.7 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 9.0 ათასით გაიზარდა (2.2%) და 410.2 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 14.6 ათასით (5.2%) და 266.9 ათასი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 53.2 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 44.3 პროცენტი შეადგინა.
„სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.0 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში კი – 2.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.1 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, სოფლის ტიპის დასახლებებში კი – 2.0 პროცენტული პუნქტით, შესაბამისად, 44.9 პროცენტს და 43.4 პროცენტს შეადგენს. 2023 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 69.1 პროცენტია“, – ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.