მთელი ღამის განმავლობაში დრონები, მათ შორის, ღამის ხილვის აპარატურით, ათვალიერებდნენ ტერიტორიას – ირაკლი კობახიძე
„პროცესები წარიმართა ეფექტიანად. რაიმე სხვა სცენარი რომ წარმოიდგინოთ, სხვაგვარი მუშაობის პირობებში, ვერცერთი ადამიანით მეტი ვერ გადარჩებოდა. ეს არის ის, რაზეც ალბათ პასუხისმგებლობა შეგვიძლია ავიღოთ, თუმცა, ბუნებრივია, ყველა დაელოდება დეტალურ ინფორმაციას ყველაფერთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შოვში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მთელი ღამის განმავლობაში დრონები, მათ შორის, ღამის ხილვის აპარატურით, ათვალიერებდნენ ტერიტორიას და ამის საფუძველზე გრძელდებოდა მუდმივ რეჟიმში სამაშველო სამუშაოები. ერთადერთი თემა იყო ვერტმფრენები და ვერტმფრენებთან დაკავშირებითაც უნდა განიმარტოს, რომ როდესაც საუბარია ღამის ხილვის აპარატურაზე, ღამის ხილვის აპარატურა არ აუმჯობესებს უსაფრთხოების სტანდარტს.
შესაბამისად, ასეთი აპარატურის პირობებშიც კი პილოტებს აქვთ ისეთივე საფრთხე ფრენის დროს, როგორც სხვა შემთხვევაში. ღამის ხილვის აპარატურა უბრალოდ აადვილებს ობიექტების იდენტიფიცირებას. თუმცა ასეთი ობიექტების იდენტიფიცირება, მათ შორის ადამიანების, ცხედრების იდენტიფიცირება, შესაძლებელი იყო ისეთივე ეფექტურობით დრონების მეშვეობითაც. აქედან გამომდინარე, სამუშაოები არ შეჩერებულა, სამუშაოები გრძელდებოდა მთელი პერიოდის განმავლობაში, იმ საშუალებებით, რა საშუალებებიც იყო ხელმისაწვდომი“, – განაცხადა კობახიძემ.