ირაკლი კობახიძე – შოვის ტრაგედიაზე: გამოძიება დაწყებულია პროკურატურის მიერ – სრულად იქნება უზრუნველყოფილი გამჭვირვალობა
,,გამოძიება არის დაწყებული პროკურატურის მიერ. რა თქმა უნდა, არის უამრავი საკითხი, რასაც პასუხი უნდა გაეცეს. თუმცა, ამისათვის კომპეტენტური ორგანი არის პროკურატურა, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლის ყველა დეტალს. ჯერ ინფორმაციაც კი არ არის გამოქვეყნებული იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვითარება იყო ადგილზე, როგორი იყო ნაპოვნი ადამიანების ცხედრების მდგომარეობა და ა.შ.”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში, სტიქიის ზონაში განაცხადა.
მისივე თქმით, სრულად იქნება უზრუნველყოფილი ყველაფრის გამჭვირვალობა.
„ყველაფერთან დაკავშირებით პირველ რიგში პროკურატურამ უნდა წარადგინოს დეტალური ინფორმაცია გამოძიების ფარგლებში და ნებისმიერ ქვეყანაში ეს ასე ხდება. ჯერ წარიმართება სტანდარტული გამოძიება შესაბამისი უწყების მიერ, ამ შემთხვევაში საქართველოში ეს არის პროკურატურა და თუ კიდევ რჩება რაიმე კითხვები, ამის შემდეგ შეიძლება შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ეს არის რეალური მიზეზი, რის გამოც ჩვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს ვერ დავუჭერთ. თუმცა, სრულად იქნება უზრუნველყოფილი ყველაფრის გამჭვირვალობა და ამაზე პირველ რიგში პასუხისმგებელია ხელისუფლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.