კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ რუსეთის და ჩრდილოეთ კორეის კავშირები “გრძელვადიან სტრატეგიულ ურთიერთობად“ გადაიქცევა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა 15 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს წერილი გაუგზავნა, რომელშიც რუსეთთან ურთიერთობების გაძლიერებას ჰპირდება.

ამის შესახებ The Washington Post-ი ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ ცენტრალურ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით წერს.

პუტინისადმი გაგზავნილ წერილში კიმი ამბობს, რომ რუსეთთან ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობა „კიდევ უფრო გადაიქცევა გრძელვადიან სტრატეგიულ ურთიერთობად“.

Reuters-ის ცნობით, კიმმა ასევე თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრობა მეორე მსოფლიო ომში იაპონიაზე გამარჯვებისას ჩამოყალიბდა და ახლა „სრულად ავლენს თავის დაუმარცხებლობას და ძალას, თვითნებობისა და იმპერილიასტთა ჰეგემონიის წინააღმდეგ ბრძოლაში”. ”მე მტკიცედ მჯერა, რომ მეგობრობა და სოლიდარობა გაგრძელდება გრძელვადიან სტრატეგიულ ურთიერთობაში ახალი ეპოქის მოთხოვნების შესაბამისად”, – თქვა კიმმა.

თავის მხრივ პუტინმა კიმისთვის გაგზავნილ წერილში თქვა, რომ რუსეთი „გააძლიერებს ორმხრივ თანამშრომლობას ყველა სფეროში ორი ხალხის კეთილდღეობისთვის, ხანგრძლივი სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის კორეის ნახევარკუნძულზე და მთელს ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები