“უკრაინის სამხედრო რესურსი, თითქმის ამოწურულია – შოიგუ
რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, უკრაინის სამხედრო რესურსი, თითქმის ამოწურულია.
ამის შესახებ მან მოსკოვის საერთაშორისო უსაფრთხოების XI კონფერენციაზე განაცხადა.
„საომარი მოქმედებების წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ უკრაინის სამხედრო რესურსი, თითქმის ამოწურულია“, – განაცხადა მან.
შოიგუმ აღნიშნა, რომ კიევის მხარდაჭერის ლოზუნგით, შეერთებული შტატები ასუფთავებს პარტნიორების სამხედრო არსენალს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, სანაცვლოდ კი, დასავლური წარმოების აღჭურვილობის შეღავათიან მიწოდებას ჰპირდება.
“ფაქტობრივად, ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის პროდუქციისთვის ბაზარი იწმინდება. თუმცა, პარტნიორებს ახალი შეიარაღებისთვის შეერთებული შტატებისთვის დიდი თანხის გადახდა მოუწევთ, ასევე უსაფრთხოების სფეროში სუვერენიტეტის შეზღუდვაზე დათანხმება”,- თქვა მან.
შოიგუმ აღნიშნა, რომ „დღეს რუსეთს ებრძვის არა უკრაინის შეიარაღებული ძალები, არამედ მთელი კოლექტიური დასავლეთი, რომელსაც, ბოლო დროს, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ცალკეული სახელმწიფოები შეუერთდნენ“.
მისივე თქმით, უცხოელი მრჩევლები უკრაინელ ჯარისკაცებს ცოცხალ ძალად იყენებენ, დასავლური იარაღის გამოყენებით ბრძოლის წარმოების სხვადასხვა ვარიანტის შემუშავებისთვის.
ამასთან, ისინი „არ ითვალისწინებენ“ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში დანაკარგების დონეს.