სამხედრო მოსამსახურეები სამაშველო-სამძებრო სამუშაოებს კოტეჯების მარჯვენა მხარეს აგრძელებენ

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შოვში მიმდინარე სამაშველო – სამძებრო სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართული, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მუშაობა გეგმით განსაზღვრულ ლოკაციებზე მიმდინარეობს. დღეს სამხედროები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან ერთად, სამუშაოებს აგრძელებენ კოტეჯების მარჯვენა მხარეს.

„ადგილზე მიზიდულია ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა. თავდაცვის ძალების სამხედროები სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში პირველივე დღეებიდან მონაწილეობენ. პროცესში ჩართული არიან აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფები, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა და ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები