ნინო გიორგობიანი: თურქმენეთის მოქალაქის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ტრეფიკინგის ფაქტი არ დადასტურდა

ბათუმში თურქმენეთის მოქალაქის ცემის ფაქტთან დაკავშირებით დაზარალებული ქალბატონი შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის განყოფილების თანამშრომლებმა გუშინვე დაკითხეს, რის შედეგადაც ტრეფიკინგის ფაქტი არ დადასტურდა. აღნიშნულის შესახებ განმარტება შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა გააკეთა. მისვე განცხადებით, აღნიშნულმა ქალბატონმა უარყო მისთვის პასპორტის ჩამორთმევის ფაქტი და განაცხადა, რომ მისთვის არავის შეუზღუდავს თავისუფლება და მის მიმართ რაიმე სახის ექსპლუატაციის ფაქტი არ განხორციელებულა.
„დაზარალებულ ქალბატონს ასევე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის შედეგადაც დადგინდება მიღებული დაზიანებების ხარისხი. რაც შეეხება მის ცემაში ბრალდებულ მამაკაცს, მას ბრალი 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით უკვე წაუყენეს“, – აცხადებს გიორგობიანი.
შეგახსენებთ, მედიაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში, პლაჟზე ადგილობრივი პოლიციელის შვილმა უცხოელი მეგობარი გოგო სცემა, ხოლო პოლიცის უფროსი მოძალადის დაკავებაზე უარს აცხადებდა.
შსს-ში კი გუშინ განაცხადეს, რომ მეგობარი გოგოს ცემაში ბრალდებული და მისი ოჯახის წევრები პოლიციის თანამშრომლები არ არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები