ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის პროექტირების პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის 50კმ-იან საავტომობილო გზის რეაბილიტაციის განსახორციელებლად ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და წინასწარი პროექტირება მიმდინარეობს. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის განვითარების პროექტის ფარგლებში, ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და წინასწარ პროექტირებას საკონსულტაციო კომპანია “კოქს კონსალთინგი” ახორციელებს. მათივე ცნობით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე და მისი პირველი მოადგილე ნუგზარ გასვიანი სოფელ მოლითში იყოფებოდნენ, სადაც ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და გზის წინასწარი პროექტირების პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის პირველი მოადგილე ალეკო იოსებაშვილი, “კოქს კონსალტინგის” ხელმძღვანელები, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები და 10-მდე სოფლის მოსახლე ესწრებოდნენ.
“ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის საავტომობილო გზა წარმოადგენს საგზაო კავშირს ხარაგაულის მუნიციპალიტეტსა და E-60 ავტომაგისტრალს შორის, ასევე არის მთავარი საერთაშორისო საგზაო არტერია და ერთმანეთთან აკავშირებს საქართველოს მთავარ ქალაქებს. საპროექტო გზა მის ძირითად სიგრძეზე მიუყვება მდინარე ჩხერიმელას და ასევე ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის რკინიგზის ხაზს. ადგილობრივ მოსახლეობას აღნიშნულ გზაზე გადაადგილების პრობლემა წლებია აწუხებს, არსებულ საავტომობილო გზაზე არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი. 37 000-მდე ადგილობრივი მოსახლე ხრეშოვანი გზის საშუალებით გადაადგილდება, რაც სოფლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას აფერხებს.
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდება ძირითადად უკვე არსებული გზის ფარგლებში და მოიცავს: ასფალტისსაფარისდაგების, ხიდების, გზის სადრენაჟე მილების, კიუვეტების რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციას, ასევე ნაპირსამაგრ, გზის მონიშვნისა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობის სამუშაოებს. პროექტის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება 20-მდე სოფლის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები, მოსახლეობის მობილურობა, სავაჭრო და ტურისტულ ობიექტებთან კავშირი, გაიზრდება გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების დონე. ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და გზის წინასწარი პროექტირება 2014 წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც, პირველ ეტაპზე დეტალური პროექტირება მომზადდება, ხოლო შემდეგ დაიწყება საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები”, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები