ნინო ჩხობაძე: რაჭაში, ყველა მდინარე არის ღვარცოფული – შეიძლება უცებ მოვარდეს წყალი, რომელსაც წინ ვერავინ დაუდგება
10 წუთშიც კი შეიძლება უცებ მოვარდეს წყალი და წამოვიდეს ღვარცოფული მოვლენა, – ამის შესახებ ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ „ქრონიკასთან“ რაჭაში არსებულ სტიქიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ რეგიონში ყველა მდინარე ღვარცოფულია და არის ძალიან ბევრი მეწყერი.
„სახელმწიფომ მიიღო დახმარება „მწვანე ფონდიდან“ და დაიწყეს სადგურების დამონტაჟება. გაეროს დახმარებით უკვე 11-მდე [სადგური] აქვს დამონტაჟებული, სულ 60 უნდა დამონტაჟდეს. ყველა მდინარე რაჭაში არის ღვარცოფული. არის ძალიან ბევრი მეწყერი, ყველა მათგანი პოტენციური სტიქიური მოვლენის გამომწვევია, რომელსაც ერთ საათში და ერთ წამში, წინ ვერავინ დაუდგება და ვერავინ ვერაფერს გააკეთებს. 10 წუთშიც კი შეიძლება უცებ მოვარდეს წყალი და წამოვიდეს ღვარცოფული მოვლენა“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.