“ვრცელდებოდა ვითომ ჩემი განცხადება, თითქოს უკრაინიდან იყო შეთავაზება და უარი ვთქვით – როდესაც ასეთ ვითარებაში ვიღაც ახერხებს ასე სპეკულირებას, ეს გამაოგნებელია და არ ვიცი, ამას რა შეფასება უნდა მიეცეს” – ირაკლი კობახიძე
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს, უკრაინიდან იყო დახმარების შეთავაზება და მთავრობამ უარი თქვა.
მისი თქმით, “როდესაც ასეთ ვითარებაში ვიღაც ახერხებს ასე სპეკულირებას, ეს გამაოგნებელია და არ ვიცი, ამას რა შეფასება უნდა მიეცეს”.
„თქვენ იცით, რომ სამაშველო სამუშაოები არ გაჩერებულა. ერთადერთი, საუბარი იყო ვერტმფრებთან დაკავშირებით, რაზეც, როგორც ვიცი, არსებობს სათანადო პასუხი, რომ მხოლოდ ღამის ხედვაში არ იყო საქმე – რელიეფისა და პირობების გათვალისწინებით ვერტმფრენებს გაუჭირდებოდათ ყველა შემთხვევაში ამ პირობებში ღამით მუშაობის გაგრძელება. თუმცა, აქაც არ იქნება სწორი, რომ მე შევიდე ამ დეტალებში. არიან სამაშველო უწყებები და მათ შეუძლიათ დეტალური ინფორმაციის მოწოდება ამასთან დაკავშირებით.
ასევე მინდა ვთქვა, რომ ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, მათ შორის ვითომ ჩემი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს უკრაინიდან იყო შეთავაზება და უარი ვთქვით. როდესაც ასეთ ვითარებაში ვიღაც ახერხებს ასე სპეკულირებას, ეს გამაოგნებელია და არ ვიცი, ამას რა შეფასება უნდა მიეცეს. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მაქსიმალური მობილიზაციაა, მაშველები არიან, პოლიციელები, სამხედროები და დამატებითი რესურსის საჭიროება არ არის. რაც შეეხება ტექნიკას, აქაც, როგორც ვიცი, სრულად არის უზრუნველყოფილი სამაშველო სამუშაოები. დაბრკოლება სამაშველოს სამუშაოებს ამ თვალსაზრისით არ ჰქონია“, – აცხადებს კობახიძე.