მუშაობენ ხიდის მოწყობაზე, რაც გააადვილებს გადაადგილებას და მეტად გაზრდის შრომის ნაყოფიერებას, რათა მეტ ადგილზე შევიდეთ და ტრაქტორის საშუალებით ფრთხილად ვიმუშაოთ – თემურ მღებრიშვილი
“ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს ხიდის მოწყობაზე, რაც ძალიან გააადვილებს გადაადგილებას მდინარის მარჯვენა სანაპიროზე”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
„გუშინ გვქონდა შეხვედრა ოჯახის წევრებთან. დავგეგმეთ, რომ დღეს ვერტმფრენის საშუალებით შეგვეყვანა სტიქიის ზონაში და საკუთარი თვალით ენახათ, თუ რა რთული და მძიმე მდგომარეობაა შიგნით. ამჟამად მობილიზებულია დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკა, ცოცხალი ძალა და მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. პარალელურად, დღის განმავლობაში კონკრეტულ ლოკაციებზე გვაქვს მაქსიმალურად გადატანილი ყურადღება, სადაც თეორიული გამოთვლებით უფრო მაღალია ცხედრის აღმოჩენის ალბათობა. მოხერხდა დიდი რაოდენობით ტექნიკის შეყვანა. ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს ხიდის მოწყობაზე, რაც ძალიან გააადვილებს გადაადგილებას მდინარის მარჯვენა სანაპიროზე და კიდევ უფრო მეტად გაზრდის შრომის ნაყოფიერებას, რათა მეტ ადგილზე შევიდეთ და ტრაქტორის საშუალებით ფრთხილად ვიმუშაოთ“, – აცხადებს თემურ მღებრიშვილი.