ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება აბსოლუტურად სტაბილურია

პრემიერი ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების გაუარესებაზე საუბარს მიზანმიმართულ, ხელოვნურ კამპანიად აფასებს და განმარტავს, რომ კრიმინოგენური ვითარება აბსოლუტურად სტაბილურია, ხოლო სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ სიტუაცია იყოს მაქსიმალურად კონტროლის ქვეშ. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შინაგან საქმეთა მინისტრი და უწყების ყველა თანამშრომელი მაქსიმალურად მოტივირებულია და პოლიცია 24 საათის განმავლობაში მუშაობს, რაც ფასდაუდებელი შრომაა.
„მინდა, მწუხარება გამოვთქვა ყველა იმ ოჯახის მიმართ, ვინც ოჯახის წევრები დაკარგა, მაგრამ ყველა ცივილიზებულ და ჩვენზე მეტად განვითარებულ ქვეყანაში ხდება დანაშაული. ეს არის ჩვენი ოპონენტების მიერ აწეული უსუსური მცდელობა, წარმოაჩინონ ისე, თითქოს სახელმწიფო ვერ ან არ ებრძვის კრიმინალს ეფექტურად. ისინი ცდილობენ, საზოგადოებაში გააჩინონ განცდა, რომ გაუარესებულია კრიმინოგენური ვითარება“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ხელისუფლებამ დაიწყო უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ, იმ ფონზე, როდესაც ამნისტიით გაათავისუფლა 17 ათასი პატიმარი. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მათი ბედი აბსოლუტურად გაურკვეველი იყო, ისინი იყვნენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.
„ჩვენ მათ მივეცით რესოციალიზაციის და რეინტეგრაციის შანსი. ბევრმა მათგანმა ეს დააფასა, ხოლო, ვინც ვერ დააფასა, გიორგი მღებრიშვილის უწყებაში არიან მოკალათებული“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები