ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელებულ განცხადებას „მოქალაქე“ არ ადასტურებს

ორგანიზაცია „მოქალაქეს“ არანაირი განცხადება არ გაუვრცელებია, – ამის შესახებ ორგანიზაცია ფეისბუქის გვერდზე წერს. მათივე განმარტებით, „მოქალაქის“ სახელით გაურკვეველი შინაარსის განცხადება გავრცელდა, რაც პროვოკაციაა.
ბიძინა ივანიშვილის სახელით დღეს განცხადება გავრცელდა, სადაც ხელისუფლების პირველი პირები და 2012 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მიერ მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილება გაკრიტიკებულია. ორგანიზაცია “მოქალაქის” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელებულ განცხადებას „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
“დიდი ხანია არ მიმიმართავს საზოგადოებისათვის წერილობით და გადავწყვიტე გამოვეხმაურო ყველაზე მტკივნეულ თემას, რომელიც დღეს აწუხებს საქართველოს საზოგადოებას. 21 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემს მიერ შექმნილი გუნდი, კოალიცია “ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში და დღეს გამოჩნდა მთავარი პრობლემა, რომელზეც რეაგირება ალბათ აუცილებელი და სასწრაფოა. მთავარი პრობლემა კრიმინოგენული მდგომარეობა და სამართალდამცავ ორგანოებში შექმნილი სიტუაციაა. სწორი ანალიზი ყოველთვის მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მომდევნო ნაბიჯების სისწორეს, ამიტომ აუცილებელია პერიოდულად გავაანალიზოთ მიმდინარე პროცესები, ასევე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ჩემი ანალიზი და ხედვა გავაცნო საზოგადოებასაც. დღითიდღე ვრწმუნდები, რომ აბსოლუტურად სწორი იყო ჩემი გადაწყვეტილება წავსულიყავი სამოქალაქო სექტორში, რადგან აქედან გარედან კონტროლის გზით უფრო მეტად შემეძლება დავეხმარო მთავრობას რჩევებით და რეკომენდაციებით ჩვენ საზოგადოებასთან ერთად.
დღევანდელი წერილი იქნება პირველი ნაბიჯი, რომელსაც მე, ჩვენ საზოგადოებასთან ერთად გადავდგამ ჭეშმარიტად სახალხო მთავრობის ჩამოყალიბების და მთავრობაზე ხალხის კონტროლის დამყარების მიზნით. ყველას გახსოვთ ჩემი შეფასებები ამნისტიის და შეწყალებების იმ ტალღასთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ქონდა ჩემ მიერ შექმნილი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე თვეებში. გახსოვთ, რომ მე მაშინაც სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და რამოდენიმეჯერ საჯაროდაც გავაკრიტიკე ამ ინიციატივების ავტორები. ახლაც მიმაჩნია, რომ მსგავსი ფართომასშტაბიანი ამნისტია იყო შეცდომა, ისევე როგორც პოლიტპატიმრების სტატუსით გამოშვება იმ ხალხისა, რომელთა საქმეები შესწავლილიც კი არ ყოფილა. ამიტომ დაგვიანებით, მაგრამ მაინც, აუცილებლად მიმაჩნია შესაბამისმა სამსახურებმა შეისწავლონ და გამოიძიონ ხომ არ იყო ამ პროცესებში ვინმეს პირადი ინტერესები, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავუსვათ წერტილი ამ თემის ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟს. რაც შეეხება უშუალოდ ჩემს პროგნოზებს, მე მაშინვე ვაცხადებდი რომ შესწავლის გარეშე ამ რაოდენობის პატიმრების გათავისუფლება დაამძიმებდა კრიმინოგენულ მდგომარეობას და საზოგადოებას ვთხოვდი გაგებით მოკიდებოდა იმას, რომ, სავარაუდოდ, კრიმინალის ზრდა მოხდებოდა. თუმცა იმან, რასაც დღეს ვხედავთ, ყოველგვარ ცუდ მოლოდინსაც კი გადააჭარბა და, რაც ყველაზე მთავარია, სამართალდამცავი ორგანოები არ აღმოჩდნენ მზად კრიმინალის წინაშე ეფექტური ბრძოლისათვის. სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ამ წლების განმავლობაში გვქონდა შეცდომები და არ იქნებოდა სწორი, ეს შეცდომები არ გაგვეანალიზებინა. ახლა, როდესაც გარედან ვაკვირდები მთავრობის საქმიანობას, ეს შეცდომები კიდევ უფრო თვალნათლივ ჩანს. ბევრი შეცდომა დავუშვით პროკურატურის სისტემაში. პირველ რიგში, ეს ეხება საკადრო საკითხებს. მიმაჩნია, რომ არჩილ კბილაშვილის დანიშვნა ჩემი მხრიდან იყო სწორი ნაბიჯი, მაგრამ არჩილმა სამწუხაროდ ვერ შეძლო იმ გუნდის შემოკრება, რომელთან ერთადაც ეფექტურად წარუძღვებოდა საქმეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა გასამართლება გარდაუვალი პროცესია, მაგრამ ამ საქმეში ისეთი შეცდომების დაშვება, როგორსაც უშვებდნენ პროკურორები ყოველდღიურად ვანო მერაბიშვილის და გნებავთ ბაჩო ახალაიას პროცესებზე იყო შეუწყნარებელი და ალბათ არჩილსაც და მეც უფრო ადრე უნდა მიგვეღო ზომები იმისათის, რომ პროკურატურაში კვალიფიციური კადრები მოგვეყვანა. ყველას გახსოვთ მოწმეები, რომლებსაც ხელზე ეწერათ პასუხები სავარაუდო კითხვებზე, მიმაჩნია, რომ არცერთი პროკურორი, რომელიც ამ პროცესზე გამოდიოდა და ასე არაკვალიფიციურად, მოუმზადებლად უძღვებოდა საქმეს დაუყოვნებლივ უნდა გაგვეთავისუფლებინა და ამით უნდა შეგვენარჩუნებინა პროკურატურის, როგორც პროფესიონალებით დაკომპლექტებული ორგანოს რეპუტაცია. სამწუხაროდ, პროკურატურის სისტემაში ჩემ შემდეგ კიდევ უფრო მძიმე შეცდომები დაუშვა ახალმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და იმ ნაწილმა ჩვენი გუნდისა რომელმაც ოთარ ფარცხალაძე წარმოგვიდგინა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე. ასევე არასწორი იყო, როდესაც ფარცხალაძის კრიმინალურ წარსულთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობების შემდეგ დაუყოვნებლივ არ მოხდა მისი გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან. ასევე შეცდომად მიმაჩნია ის, რაც ახლა ხდება, როდესაც ოთარ ფარცხალაძე თითქოს ჩამოცილებულია პროკურატურას, მაგრამ რეალურად ისევ ის ხელმძღვანელობს უწყებას. როგორც ჩანს, მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს თავმოყვარეობა არ ყოფნის, რომ დატოვოს კაბინეტი, სადაც ის ფორმალურად ზის, სამაგიეროდ სირცხვილის გრძნობა აწუხებს და არც კამერების წინ და არც მზის შუქზე როგორც ჩანს არ ჩნდება. ამასობაში პროკურატურის საქმიანობას კიდე უფრო მძიმე ფაქტები დაუკავშირდა. გაჩნდა ბრალდებები ზეწოლის შესახენ მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ, ადგილი ჰქონდა პროკურორების მიერ მოწმეთა ლამის გატაცებას ბრიფინგებიდან, დაგროვდა გაუხსნელი მკვლელობები, რომელთა გამოძიების ტემპებიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ასე, ალბათ, აღარ უნდა გაგრძელდეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს იმისათვის, რომ დასრულდეს არაფორმალური მმართველობა პროკურატურის ორგანოებში. შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ერთადერთია, დაუყოვნებლივ უნდა გადაიხედოს პროკურატურის ორგანოების მართვის საკითხი, მოვიდნენ ახალი კადრები და მათი ეფექტური მუშაობით გამოძიებულ უნდა იქნას ყველა საქმე, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვის ნიშნები პროკურატურის საქმიანობის მიმართ.
ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. მე ეს უწყება ჩავაბარე ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც, მართლაც, ეფექტური და უნარიანი მმართელი აღმოჩნდა და სწორედ ამის გამო მიიღო ჩემმა გუნდმა გადაწყვეტილება მისი დაწინაურების შესახებ. თუმცა სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის კანდიდატურის შერჩევა უშუალოდ ირაკლის მიერ მოხდა არასწორი ანალიზის საფუძველზე. მიმაჩნია რომ ლექსო ჭიკაიძის კანდიდატურა შეუფერებელია ამ თანამდებობისათის. სწორედ მისი დანიშვნის შემდეგ დაიწყო პოლიციაში ის პროცესები რამაც საზოგადოების ნდობის შემცირება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ აღჭურვის და ტექნიკური უზრუნველყოფის თვალსაზრისით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ, პოლიციის ეფექტურობამ საგრძნობლად დაიკლო. იმატა გაუხსნელი დანაშაულების რიცხვმაც, რაც შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს საზოგადოებას. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აქაც მინისტრი ჭიკაიძე ფორმალურადაა თანამდებობაზე, რეალურად სამინისტროს პრემიერის პირადი ნდობით აღჭურვილი პირები (ზედელაშვილი, ჯანყარაშვილი) მართავენ. ეს არ შეიძლება ჩაითვალოს ნორმალურ ვითარებად.
როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრს საჯაროდ დასცინიან საზოგადოებაში, ეს იწვევს პოლიციელების დემორალიზებას, რაც აისახა კიდეც მათი მუშაობის შედეგებზე. ამ ფონზე ჩემთვის და საზოგადოებისთვისაც კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გამოდის და სტატისტიკით ცდილობს ახსნას კონკრეტული მკვლელობების და ყაჩაღობების ფაქტების მატება. მსგავსი თავის მართლება სამარცხვინოდ მიმაჩნია და იმედი მაქვს, რომ აღარ განმეორდება. ასევე შესასწავლია საკითხები რაც უკავშირდება კახი კალაძის კონტაქტს კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებთან. ასეთ ეჭვებზე ყოველთვის უსწრაფესი რეაგირებაა საჭირო, რომ არ გაჩნდეს განცდა საზოგადოებაში მსგავსი კონტაქტების მიმართ ჩვენი გუნდის ლოიალურობაზე. მნიშვნელოვანი პრობლემებია სასჯელაღსრულების სისტემაშიც, სადაც სოზარ სუბარის გუნდმა ბოლომდე ვერ შეძლო გაკონტროლება სიტუაციის და კრიმინალურ ავტორიტეტებს საშუალება მიეცათ გარე სამყაროსთან კონტაქტის, რამაც ქუჩაში პროცესების მართვის შესაძლებლობა მიცათ. სწორედ ამის შედეგია ის გახშირებული ყაჩაღური თავდასხმები და შეიარაღებული ძალადობა, რასაც ადგილი აქვს ქვეყანაში. საბოლოო ჯამში, ქვეყანაში შეიქმნა სიტუაცია, როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ ხელისუფლება უუნაროა კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ არ უნდა დავტოვოთ საზოგადოება მარტო კრიმინალის პირისპირ. ყველა უნდა გრძნობდეს, რომ საზოგადოება დაცულია ჩვენ ქვეყანაში და ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად მთავრობამ უნდა აიღოს. მე იმედი მაქვს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გაატარებს შესაბამის საკადრო ცვლილებებს, რათა საზოგადოება დარწმუნდეს, რომ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ისე მთავარი პროკურორი შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე და ავტორიტეტული პიროვნებები არიან, რომლებიც მთლიანად მართავენ არა მხოლოდ მათ უწყებებს, არამედ სიტუაციას ქვეყანაში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები