თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი მუშაობას 3 აგვისტოს 9:00 საათიდან განაახლებს

თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი 3 აგვისტოს 9:00 საათიდან განაახლებს მუშაობას. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მობილური იუსტიციის სახლების საშუალებით მზა დოკუმენტების გაცემა თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის ავტოსადგომის ტერიტორიიდან შეუფერხებლად მიმდინარეობს.

მობილური იუსტიციის სახლები მომხმარებლებს, ამ რეჟიმში, 21:00 საათამდე მოემსახურება;

„მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის შესაბამისად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ზომა იქნა მიღებული, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.

იუსტიციის სახლის სატელეფონო ცენტრმა განაახლა მუშაობა და აგრძელებს მომხმარებლების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, 24 საათი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის იუსტიციის სახლში, ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, ევაკუაცია გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები